”საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზარდა”

"2 წელიწადში საქართველოდან ექსპორტი 24 %-ით გაიზარდა"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წინასწარი პროგნოზით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) სრულად ამოქმედება საქართველოს ექსპორტს 12.4%-ით, ხოლო იმპორტს 7.5%-ით გაზრდის. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "რედისონში" ქართულ-ესტონურ ბიზნესფორუმზე განაცხადა, რომელსაც საქართველოში ვიზიტად მყოფი, მისი ესტონელი კოლეგა ტაავი რიივასი ესწრება. " 2 წელიწადში საქართველოდან ექსპორტი 24 %-ით გაიზარდა. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ამ პერიოდში ექსპორტი ევროკავშირთან 70 %-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა, ვინაიდან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით გათვალისწინებული პირობები მხოლოდ 2014 წლის პირველი სექტემბრიდან 80%-ით ამოქმედდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, წინასწარი პროგნოზით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების სრულად ამოქმედება საქართველოს ექსპორტს 12.4%-ით გაზრდის დამატებით, ხოლო იმპორტს - 7.5%-ით. "ეს ბევრად უფრო მიმზიდველს გახდის საინვესტიციო გარემოს ჩვენს ქვეყანაში და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ამ კუთხით. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ამოქმედებით ჩვენ შეგვიძლია ინვესტორებს შევთავაზოთ სათანადო ბიზნესგარემო, შესანიშნავი ადგილმდებარეობა და წვდომა უკვე 900-მილიონიან ბაზარზე. შეთანხმებასთან ერთად ამის გარანტიაა პრეფერენციების გენერალიზებული სისტემა (GSP) რვა ქვეყანასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი თურქეთსა და დსთ-ს ქვეყნებთან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს აქვს მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა ორ წარმატებულ მეზობელ ქვეყანასთან - თურქეთთან და აზერბაიჯანთან. "მათთან ერთად ჩვენ ვახორციელებთ უმნიშვნელოვანეს ენერგო და სატრანსპორტო პროექტებს - ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალისა და სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის - "შაჰდენიზის გაზსადენის" პროექტები. ეს გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტები როგორც რეგიონის ენერგოუსაფრთხოების, ისე რეგიონში სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობისთვის. ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება შავ ზღვაზე ავაშენოთ ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მილიონი ტონა იქნება. ეს პორტი ანაკლიაში განთავსდება. ასეთი პორტის არსებობა მნიშვნელოვნად გაზრდის ტვირთბრუნვას საქართველოს გავლით და გააუმჯობესებს საქართველოში სწრაფად მზარდი ბიზნესის მომსახურებას როგორც გადამზიდავი და სასაწყობე მეურნეობის სექტორში, ისე ნებისმიერი სახის წარმოება/გადამუშავების მიმართულებით. ყოველივე ეს საქართველოში არსებულ კომპანიებს, სხვადასხვა ბაზრის მარტივად წვდომის გარდა, სულ უფრო მეტ საშუალებას მისცემს, რომ ისარგებლონ ჩვენი სატრანზიტო დერეფნისათვის დამახასიათებელი ძალიან ხელსაყრელი პირობებით, როგორიცაა - გადაზიდვების დაბალი საფასური, უფრო დაჩქარებული გადაზიდვის ვადები და უსაფრთხოება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა იმ ინიციატივაზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" დაარსების ინიციატივით გამოვიდა.