როგორი იქნება 2015 წლის მსოფლიო ეკონომიკა?

ბრიტანული გამოცემა ”გარდიანი” იმ ხუთ ფაქტორს ასახელებს, რომელსაც 2015 წელს გავლენა ექნება მსოფლიო ეკონომიკაზე.

გამოცემის ვარაუდით, 2015 წელს მსოფლიო ეკონომიკაში არსებითი ცვლილებები მოხდება და მისი განვითარების ძირითადი ფაქტორები ნავთობის ფასი და რუსეთის, ჩინეთის, აშშ-სა და ევროკავშირის ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობა იქნება. ”გარდიანი” ასევე აღნიშნავს, რომ გლობალური ეკონომიკა მიმდინარე წელს დამოკიდებული იქნება რუსეთის ეკონომიკაზე. ” 2015 წელი ბევრი ქვეყნისთვის წარმატებული იქნება ფინანსურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების თვალსაზრისით, თუმცა არსებობს რიგი ფაქტორები, რომელმაც შესაძლოა მეტად გააღრმავოს არსებული პრობლემები”, - წერს ”გარდიანი” და ამ ფაქტორებს შორის ნავთობის ფასებს, რუსეთისა და უკრაინის ეკონომიკურ პრობლემებს, ჩინეთისა და აშშ-ის ეკონომიკას და ევროზონაში არსებული კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლას ასახელებს.

რუსეთ-უკრაინა

უკრაინაში არსებული კრიზისისა და დასავლეთის სანქციების გათვალისწინებით, ”გარდიანი” 2015 წელს რუსეთის ეკონომიკაში სერიოზულ კრიზისს წინასწარმეტყველებს.

”2015 წელს რუსეთის ეკონომიკა ღრმა კრიზისში აღმოჩნდება. მისი მასშტაბები დამოკიდებული იქნება ნავთობის ფასზე და ანტირუსული სანქციების ხანგრძლივობაზე. თუ რუსეთი მომავალი წლისთვის ვერ შეძლებს ეკონომიკური სირთულეების მოგვარებას, ეს ”დომინოს ეფექტს” გამოიწვევს როგორც რუსეთის მეზობელ, ასევე ევროზონის ქვეყნებში”, - წერს ”გარდიანი”.

ნავთობი

რაც შეეხება ნავთობის ფასებს, ”გარდიანი” წერს, რომ გაიაფებულმა ნავთობმა შესაძლოა ეკონომიკის ზრდა უზრუნველყოს და შეამციროს ინვესტორთა დანახარჯები წარმოებაზე.

”მეორე მხრივ, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ნავთობზე ფასების ვარდნამ შესაძლოა ”საკრედიტო სტრესი” გამოიწვიოს, რომელიც რუსეთის, ვენესუელასა და ირანის ეკონომიკაზე აისახება, ასევე უარყოფით გავლენას იქონიებს ნავთობმომპოვებელ კომპანიებზე, პირველ რიგში კი ამერიკულ კომპანიებზე”, - წერს ”გარდიანი”.

ჩინეთი

მსოფლიოში ჩინეთი დღეს ერთ-ერთ მსხვილ ეკონომიკას წარმოადგენს. თუმცა, ”გარდიანის” პროგნოზით, მისი ზრდის ტემპები შენელებას იწყებს. ”ჩინეთის ეკონომიკის სერიოზულ ვარდნას გამოიწვევს ექსპორტის შენელება, რაც გავლენას იქონიებს გერმანიაზე, რომელიც ჩინეთს სამრეწველო ტექნიკას აწვდის. ასევე ავსტრალიაზე, რომელიც ნედლეულით ამარაგებს ჩინეთს”, - წერს ”გარდიანი” . ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩინურ საქონელზე ფასების სავარაუდო ვარდნამ შესაძლოა დეფლაციის პროვოცირება მოახდინოს, კერძოდ კი ევროზონაში.

ამერიკა

ბრიტანული გამოცემის პროგნოზით, აშშ-სთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარ პრობლემად, შესაძლოა, მომავალ წელს ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საბაზო საპროცენტო განაკვეთის გაზრდის სავარაუდო გადაწყვეტილება გახდეს.

ევროზონა

დეფლაციის საფრთხე და ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის ვარდნა - ეს ის სერიოზული პრობლემებია, რომელსაც 2015 წელს ევროპელი პოლიტიკოსები შეეჯახებიან. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, 2014 წელს ევროზონამ ვერ შეძლო დეფლაციის საფრთხის აღკვეთა, ეკონომიკის დამაჯერებლი ზრდა და მსგავსი პრობლემების წინაშე მიმდინარე წელსაც აღმოჩნდება. ”ევროპის ცენტრალურ ბანკს მხოლოდ ერთი მძლავრი იარაღი დარჩა - რაოდენობრივი შემსუბუქება, რომლის დროსაც ცენტრალური ბანკები ეკონომიკაში გარკვეული რაოდენობის თანხის ზემოქმედებისთვის ფინანსურ აქტივებს ყიდულობენ. აქამდე მსგავსი პოლიტიკა არ ტარდებოდა გერმანიის წინააღმდეგობის გამო, თუმცა თუ ”ევროპის ცენტრალური ბანკი” 2015 წელს რაოდენობრივ შემსუბუქებაზე არ წავა, ეს ინვესტორებს შორის ღია პანიკას გამოიწვევს”, - ნათქვამია ”გარდიანის” სტატიაში.

ბრიტანული გამოცემა ასევე ვარაუდობს, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში მსოფლიო ეკონომიკა გზაგასაყარზე აღმოჩნდება - ერთი მხრივ, ნავთობის ფასების ვარდნის გამო ეკონომიკურ ვითარება გამოცოცხლდება რიგ ქვეყნებში, სადაც ამ პროცესს 2007 წლიდან მოყოლებული ელიან. მეორე მხრივ კი, როგორც ”გარდიანი” წერს, მსოფლიო ეკონომიკას მორიგ რეცესიამდე მიიყვანს, რადგან 2008-09 წლებში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარების გადავადება შეუძლებელი გახდება.