აფბა: ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი თითქმის 3-ჯერ შემცირდა

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას" განცხადებით, საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულად დაბალ დონეზეა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტმა შოთა გულბანმა ისაუბრა. მისი თქმით, ეკონომიკური ინდიკატორებიდან, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას აფასებენ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის საგადასახდელო ბალანსი. საქართველომ დეფიციტური ბალანსი ვერა და ვერ დაძლია, თუმცა ბოლო 2 წელიწადში ვითარების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. "თუ გასულ წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალოდ 15%-ს შეადგენდა, 2013 წელს 5,7%-მდე შემცირდა. უფრო ზუსტად თუ ვიმსჯელებთ, გასულ წლებში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 10%-ზე დაბლა არ ჩამოსულა, 2008 წელს 20%-ზე მეტი იყო, 2005-2012 წლებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 15%-ს შეადგენდა, 2013 წელს კი დეფიციტი მკვეთრად, თითქმის 3-ჯერ შემცირდა და მშპ-ს 5,7% შეადგინა, რაც საქართველოსთვის ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია. 2014 წლის 3 კვარტლის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 8%-მდეა. აფბა-ს შეფასებით, ბოლო 2 წელიწადში დეფიციტის მნიშვნელოვანი შემცირების მიზეზი, ექსპორტ-იმპორტის დინამიკაა. შეგახსენებთ, რომ 2013-2014 წლებში ექსპორტი 21%-ით, ხოლო იმპორტი კი 7%-ით გაიზარდა", - აცხადებს გულბანი.

მისივე ინფორმაციით, ქვეყნის საგადასახდელო ბალანსი დროის განსაზღვრულ პერიოდში ქვეყნის მოქალაქეების, ფირმების, სახელმწიფო დაწესებულებების და უწყებების მიერ სხვა ქვეყნების ანალოგიურ წარმომადგენლებთან დადებულ გარიგებათა ჯამური ბალანსია. იგი ასევე სავალუტო სახსრების შემოსავალ-გასავალს შორის თანაფარდობასაც ასახავს. ანუ საგადასახადო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ნიშნავს, რომ ეს თანაფარდობა დარღვეულია უცხოეთის ქვეყნების სასარგებლოდ, ანუ ქვეყნიდან უფრო მეტი ვალუტა გადის, ვიდრე შემოდის. შოთა გულბანის განცხადებით, თუ აბსოლუტური მნიშვნელობებით ვიმსჯელებთ, 2006 წლიდან 2012 წლის ჩათვლით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 1,716 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო 2013 წელს დაფიქსირებული მთლიანი საგადასახდელო ბალანსი შეადგენს 923 მილიონ აშშ დოლარს, რაც არის თითქმის ორჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელი, წინა წლებში დაფიქსირებულ საგადამხდელო ბალანსის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.

"ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ მაკროეკონომიკური გარემოს გაჯანსაღებისთვის საგადასახდელო ბალანსის მსგავსი გაუმჯობესება მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს განვითარებული მოვლენების ფონზე (იმპორტის წინმსწრები ტემპით ზრდა ექსპორტთან შედარებით), შესაძლოა საგადასახდელო ბალანსი მცირედით გაუარესდეს, თუმცა, ამით გრძელვადიან სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნება და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს პროცესი შეუქცევად ხასიათს მიიღებს", - განაცხადა შოთა გულბანმა.