ავტომაგისტრალის გეგმა 2014 წელსაც ჩავარდა

ჩქაროსნული გზების მშენებლობის დაფინანსება კიდევ 76 მილიონი ლარით იზრდება

როგორც ”რეზონანსი” ვარაუდობდა, თბილისი-ლესელიძის ავტომაგისტრალის რუისი-აგარის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა ვადებში ვერც 2014 წლის ბოლოს ჩაეტია. ავტობანი ფრონის ხიდამდე უწყვეტად უნდა გახსნილიყო. სინამდვილეში კი 19-კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულება უკვე მესამე წელია ვერაფრით ხერხდება.

ამ დროს ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის დაფინანსება კიდევ 76 მილიონი ლარით იზრდება. ბოლო წლებში ყველაზე რთული სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ამ თანხის ათვისებაა. მიზეზი კი ის არის, რომ დაგეგმილი სამუშაოების დროულად შესრულება ვერ ხერხდება.

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობისთვის 367,5 მილიონი ლარი გამოიყო. აღსანიშნავია, რომ ამ თანხიდან საბიუჯეტო ნაწილი მხოლოდ 78,6 მილიონი ლარია, 14,5 მლნ - გარანტია, ხოლო 274,4 მილიონი ლარი - კრედიტი. შარშან ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დასაფინანსებლად ბიუჯეტში 281,5 მილიონი ლარი გაიწერა, შარშანწინ - 263,384 მილიონი ლარი. ამ თანხების უმეტესი წილი კრედიტია, რისი მიღებაც შეუსრულებელი სამუშაოების გამო ასე უჭირს ხოლმე სახელმწიფო ბიუჯეტს.

”რეზონანსი” უკვე წერდა, რომ რუისი-აგარის მონაკვეთზე წლის გეგმა ვერ შესრულდებოდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავდნენ, რომ ავტომაგისტრალი 2014 წლის ბოლომდე ფრონის ხიდამდე აუცილებლად გაიხსნებოდა. რეალურად კი ამ მონაკვეთზე ახლებური დომხალია: დასავლეთისკენ მიმავალი ავტომობილი რუისთან ავტობანიდან გადმოდის და ორმხრივ მოძრაობაში იჭედება. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ ისევ მაგისტრალის პატარა მონაკვეთი იწყება ფრონის ხიდამდე; ანუ თუ მაგისტრალიდან ამოვარდნილ იმ რამდენიმე კილომეტრიან მონაკვეთზე თვალს დახუჭავ, შეიძლება თქვა, რომ გეგმა შესრულდა და ავტობანი ფრონის ხიდამდე გაიხსნა (სამინისტრო სწორედ ასე მოიქცევა). სინამდვილეში კი მძღოლები ძალიან უკმაყოფილონი არიან - მოძრაობა ჭირს, ხშირად საცობებია, ღამით კი განათება არ არის.

აღსანიშნავია, რომ შარშან ავტომაგისტრალზე სამშენებლო სამუშაოები რამდენჯერმე შეჩერდა. ეს ხან ამინდს ბრალდებოდა (ყინვასა და თოვლს), ხანაც მშენებელ კომპანიას. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი-აგარის 19-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2012 წლის დეკემბერში დაიწყო. რუისი-აგარას მონაკვეთის მოდერნიზაცია-რეკონსტრუქციის პროექტი ითვალისწინებს 11-კილომეტრიან მონაკვეთზე გზის არსებული მიმართულების შენარჩუნებას, მომდევნო 8-კილომეტრიან მონაკვეთზე კი აგარის შემოვლითი ახალი მიმართულების გზის მშენებლობას. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება 70 მილიონ ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია  China nuclear industry ახორციელებს.

აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება 2012 წელს გაფორმდა. სამუშაოების წარმოების დროს მას გარკვეული ფინანსური პრობლემა შეექმნა, რის გამოც ჩინურმა კომპანიამ სამუშაო 2014 წელს ვერ დაასრულა. ამ ეტაპზე ყველა პრობლემა აღმოფხვრილია, კომპანია სრული დატვირთვით და 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს”, - განმარტეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

”რეზონანსი” უკვე წერდა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დაგვიანების მოტივი ახალი ტენდერების გამოცხადება გახდა. 2012 წლის ბოლოს მოსული მთავრობა აღნიშნავდა, რომ ტენდერები კანონდარღვევით იყო ჩატარებული და ეს პროცესი კრიმინალის ნიშნებსაც კი შეცავდა. ამიტომ, გარკვეულ პროექტებთან დაკავშირებით ახალი ტენდერები გამოცხადდა, შესაბამისად, დრო გაიწელა და პროექტების განხორციელება დაგვიანდა. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ავტობანზე სამშენებლო სამუშაოებს პრობლემები ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს შეექმნა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ პრობლემა გაამწვავა რუისი-აგარის მონაკვეთის სირთულემაც. ახლა იგი უკვე დაძლეულია და ამ მონაკვეთზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

მაგისტრალის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო. მაშინ ინფრასტრუქტურის სამინისტრო არ არსებობდა და ამ პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა. პირვანდელი გეგმის მიხედვით, ავტობანი 2014 წლის ბოლოს რიკოთის გვირაბამდე უნდა ჩასულიყო. საერთოდ, აღნიშნული ავტომაგისტრალი იწყება თბილისიდან და მთავრდება სარფთან, მისი მეორე ნაწილია თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდი. ყველაფრის დასრულება 2015 წელს იყო დაგეგმილი. გეგმა ითვალისწინებდა შემოვლით გზას ქობულეთთან, რომელიც ახლა უკვე გაყვანილია, თუმცა არ დაწყებულა ბათუმის შემოსავლელი გზის მშენებლობა.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”