პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის პროექტირებაზე ტენდერი უახლოეს ხანში უნდა გამოცხადდეს

თბილისში, პუშკინის ქუჩაზე, ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის კონცეფციაზე დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურმა სამი გამარჯვებული გამოავლინა.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით ადგილები ასე გადანაწილდა: პირველ ადგილზე შპს "საქგზამეცნიერების" საკონკურსო წინადადება გავიდა, მეორე ადგილზე - გიორგი ბათიაშვილისა და ნიკოლოზ მაღალაშვილის საკონკურსო წინადადება; მესამე ადგილზე კი- შპს "საპროექტო-საკვლევაძიებო ინსტიტუტ ტრანსპოექტისა" და შპს "დადუნა დიზაინის" საკონკურსო წინადადება.

კონკურსში გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ. პირველ საპრიზო ადგილზე გასული პროექტის ავტორი 7000 ლარით, მეორე ადგილზე გასული - 2000 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გასული 1000 ლარით დაჯილდოვდა.

Bpn.ge ამ საკითხთან დაკავშირებით შპს "საქგზამეცნიერების" საკონკურსო წინადადების წარმდგენ არქიტექტორ, თამაზ შიკალაძეს ესაუბრა. შიკალაძის ინფორმაციით, კონკურსში გამარჯვების შემდეგ, პროექტირებაზე ტენდერი უნდა ჩატარდეს. "მერიამ სულ რამდენიმე დღეში უნდა გამოაცხადოს ტენდერი პროექტირებაზე. ვინც ამ ტენდერში გაიმარჯვებს, საპროექტო სამუშოების დროს, კონკურსში გამარჯვებულის მოსაზრება უნდა გაითვალისწინოს", - განაცხადა თამაზ შილაკაძემ.

თამაზ შიკალაძის თქმით, ”პროექტირებაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების მოსაპოვებლად, მუშა პროექტი უნდა შედგეს ზუსტი ელემენტებით. ბეტონის, რკინაბეტონის, მეტალის კონსტრუქციებთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იყოს იქ არსებული არექოლოგიური გათხრის შედეგად აღმოჩენილი ისტორიული კედელი, რათა არ დაზიანდეს”. არქიტექტორის ინფორმაციით, პროექტირების ტენდერის შემდეგ გამოვლინდება რამდენი მილიონი დაჯდება პროექტი.

"ჩემს პროექტში მაქსიმალურად დაკმაყოფილებული იყო კონკურსის მოთხოვნები. მაგალითად, აქ არის სანიაღვრე ისტორიული არხი და ისტორიულ კედელი, რომლებსაც არ უნდა შევხებოდით. კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მუზეუმის ტერიტორიაზე ტროტუარი არ არის, რაც ყოვლად დაუშვებელია. აქ უამრავი ხალხი დადის, ამიტომაც ტროტუარის გაკეთება აუცილებელია", - განაცხადა შილაკაძემ. მისივე თქმით, პუშკინის ქუჩაზე გზის მშენებლობისას დაუშვებელია მძიმე ტექნიკის გამოყენება, რადგან იქ არის ძველი სახლები, რომლებიც მძიმე ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა დაინგრეს.

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის პროექტირებაზე ტენდერის უახლოეს დღეებში გამოცხადდებას თბილისის მერი დავით ნარმანიც ადასტურებს. მერის თქმით, უკვე მზად არის ძირითადი სატენდერო წინადადება. "ჩვენ უკვე მზად გვაქვს ძირითადი სატენდერო წინადადება და უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ პროექტირებაზე შესაბამის ტენდერს", - განაცხადა ნარმანიამ.

პუშკინის ქუჩაზე, ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის კონცეფციის შექმნაზე თბილისის მერიის სსიპ "თბილისის არქიტექტურის სამსახურმა" კონკურსი მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გარდა შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომლების და აღნიშნული კონკურსის ორგანიზებაში ჩართული პირებისა. კონკურსის მიზანი იყო პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა და საპროექტო ტერიტორიის დაცვა-განვითარებაზე ორიენტირებული არქიტექტურულ-ქალაქგეგმარებითი კონცეფციის შემუშავება.

კონკურსში მონაწილეობა 17-მა პროექტმა მიიღო, რომელთაგან სამი გამარჯვებული გამოვლინდა.