წინასწარი მონაცემებით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11457 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

წინასწარი მონაცემებით, 2014 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 11457 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5%-ით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, აქედან ექსპორტი 2861 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (2%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 8596 მლნ აშშ დოლარს (7%-ით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წელს 5735 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2990 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 4 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი 621 მლნ აშშ დოლარი იყო (2 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 2369 მლნ აშშ დოლარი (4 %-ით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 % შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 22 % და იმპორტში 28 % (2013 წელს შესაბამისად 26, 21 და 28%). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 30% (2013 წელს 32%).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2014 წელს 3593 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2013 წელთან შედარებით 5 %-ით ნაკლები). აქედან ექსპორტი 1465 მლნ აშშ დოლარი (10%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2127 მლნ აშშ დოლარი იყო (2 %-ით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 31% იყო, მათ შორის ექსპორტში 51% და იმპორტში 25% (2013 წელს შესაბამისად 35, 56 და 27%). 2014 წელს დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 12% (2013 წელს ასევე 11%).

საქსტატის ცნობით, 2014 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68% შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1966 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (1182 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (853 მლნ აშშ დოლარი). 2014 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა (518 მლნ აშშ დოლარი) და მთელი ექსპორტის 18% შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 286 მლნ აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 10%-ს. მესამე ადგილზე სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 248 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 9% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2014 წელს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 918 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11% შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 715 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8% იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 369 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 4%).