სერგეი ლავროვი: აშშ ევროკავშირსა და იაპონიას აიძულებს, რუსეთს სანქციები დაუწესონ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ მსოფლიოში დომინირებისკენ ისწრაფვის და ევროკავშირსა და იაპონიას აიძულებს, რუსეთს სანქციები დაუწესონ.

როგორც მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, მოსკოვი მზად არ არის, მოლაპარაკებები გამართოს დათმობების თაობაზე სანქციების გაუქმების მიზნით. "ამერიკელებმა კურსი კონფრონტაციაზე აიღეს და კრიტიკულად არ აფასებენ საკუთარ ნაბიჯებს. ბარაკ ობამას განცხადებები გვიჩვენებს, რომ ფილოსოფიის ცენტრში მხოლოდ ერთი რამ არის: ჩვენ ვართ ნომერი პირველი, სხვა დანარჩენებმა კი ეს უნდა აღიარონ. ეს ცოტა არ იყოს არათანამედროვეა და არ პასუხობს დღევანდელ რეალობებს", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციების დაწესებით, ამერიკელებს მიბაძა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესისთვის ყოველწლიური მიმართვის დროს აღნიშნა, რომ დღეს ამერიკა ძლიერი და ერთიანია მოკავშირეებთან ერთად, რუსეთი კი იზოლირებულია, ხოლო მისი ეკონომიკა - დაშლილი.