გლეხები მიწის დაუმუშავებლობისთვის სპეციალური გადასახადით დაიბეგრებიან

ეკონომიკის სამინისტროში ახალ პროექტს უკვე ამუშავებენ, თუმცა სანქცია 2016 წლამდე არ ამოქმედდება.

კონკრეტულად რა სახის და რა მოცულობის გადასახადით დაიბეგრება მიწის მფლობელი, ეს უცნობია. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ამჟამად პროექტი დამუშავების სტადიაშია, ამიტომ დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ხელისუფლების მოტივი ასეთია - თუკი გლეხი მიწას ვერ ამუშავებს, მაშინ იგი კოოპერატივს უნდა მიაბაროს: ”ადამიანი, რომელიც არ უვლის მიწას და არ მოჰყავს მოსავალი, არ შეიძლება იგივე პირობებში გვყავდეს, როგორშიც ის ადამიანი, რომელიც უვლის მიწას. აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში და სერიოზულად განვიხილავთ საგადასახადო ნაწილში აგრარული მიწის სოფლის მეურნეობის დანიშნულებით გამოუყენებლობის ან უმოქმედობის შემთხვევაში გადასახადების გაზრდას”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.

ცნობისთვის, დაუმუშავებელი მიწისთვის გლეხების დაბეგვრის საკითხი "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დადგა დღის წესრიგში. მაშინ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი აცხადებდა, რომ შესაძლებელი იყო მისი დაუმუშავებლობისთვის 5 ჰექტრამდე მიწის მფლობელებიც კი ქონების გადასახადით დაბეგრილიყვნენ.