მთავრობა ექსპორტის წახალისების პროგრამაზე მუშაობს

"ექსპორტის კლება საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას."

2014 წელს საქართველოში ექსპორტის მოცულობამ იკლო, იმპორტი კი, განუხრელად იზრდება და მასთან ერთად იზრდება უარყოფითი სავაჭრო სალდოც: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11,459 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2013 წელთან შედარებით, 2 პროცენტით არის შემცირებული, ხოლო იმპორტი - 7 პროცენტით გაიზარდა. ექსპორტ-იმპორტს შორის სხვაობა კი - 5,732 მილიარდი დოლარია. თუ გასული წლების მონაცემებს გადავხედავთ, ასეთი მაღალი მაჩვენებელი ბოლო 5 წლის განმავლობაში არ გვქონია.

სპეცილისტთა აზრით, ეს ყველაფერი რუსეთსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ბრალია, რადგან ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელი, პირიქით გაზრდილია, თუმცა ამას მთლიან მაჩვენებელზე გავლენა არ მოუხდენია. ექსპორტის კლება ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რაც თავისთავად განაპირობებს ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას. ლარის გაუფასურებას კი, საგრძნობი ფინანსური ზარალი მოაქვს საქართველოს მოსახლეობისათვის. ერთი სიტყვით, ექსპორტის მაჩვენებლის სიმცირე საქართველოსთვის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. სწორედ ამ პრობლემის დასაძლევად შეიმუშავა მთავრობამ პროგრამა "აწარმოე საქართველოში", რომელიც "მეწარმეობის განვითარების სააგენტომ" უნდა განახორციელოს. გავრცელებული ინფორმაციით, ამას მოჰყვება ექსპორტის დაფინანსების პროგრამა, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

"ამ დროისათვის მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რომელი მოდელით იქნება შეთავაზებული ექსპორტის დაფინანსების პროგრამა", - ამბობს "მეწარმეობის განვითარების სააგენტოს" ექსპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი სოფო ბენდიაშვილი.

"მეწარმეობის განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობს ექსპორტის პოპულარიზაციასა და განვითარებაზე, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ეს მიმართულებებია: ექსპორტის პოპულარიზაცია, საერთაშორისო გამოფენების, სავაჭრო მისიებისა და ონლაინ მარკეტინგის მეშვეობით ქართული პროდუქციის უცხოეთის ბაზრებზე პოპულარიზაცია და ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით კომპანიების ხელშეწყობა. უკვე შემუშავებულია სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში", რომლის უმთავრესი მიზანი მაღალტექნოლოგიური საწარმოების შექმნა, ქართული პროდუქციის ზრდა და დივერსიფიკაციაა. შექმნილი საწარმოები მოემსახურებიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებს, რაც მომდევნო წლების განმავლობაში ქართული საექსპორტო პროდუქციის მოცულობას გაზრდის. აღნიშნული აქტივობის შედეგად, გასულ წელს, ჩვენი პროგრამების მონაწილე კომპანიების მიერ გაფორმებული კონტრაქტების საერთო მოცულობამ და ექსპორტის სახით უცხოეთში გასული პროდუქციის ღირებულებამ, 2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. 2014 წელს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით, მსოფლიოს პრესტიჟულ გამოფენებზე საქართველოდან ოცზე მეტმა მეწარმემ წარადგინა საკუთარი პროდუქცია. 2015 წელს ექვს საერთაშორისო გამოფენაზე გამგზავრებაა დაგეგმილი",- აცხადებს ბენდიაშვილი.

სოფო ბენდიაშვილის თქმით, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია განათლებაც: "მეწარმეობის განვითარების სააგენტოს შემუშავებული აქვს ექსპორტის მენეჯერთა გადამზადების სასერტიფიკაციო კურსი, რომელიც კერძო უნივერსიტეტების მეშვეობით დაინერგება 2015 წლის პირველ კვარტალში. სააგენტო ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებზეც მუშაობს. არანაკლებ საყურადღებოა ფინანსური ინსტრუმენტიც. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ექსპორტის ხელშემწყობი ფინანსური მექანიზმების შემუშავებაზე".

ეკონომისტების აზრით კი, პროგრამების შემუშავებას ისეთი ნაბიჯების გადადგმა ჯობია, რომელიც ჩვენს მეწარმეებს რეალურად დაეხმარება და საქმიანობას შეუმსუბუქებს:

ქეთევან კრიალაშვილი, ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის თავმჯდომარე: "ექსპორტის შემცირება, იმპორტის ზრდა და ამის შედეგად გაუარესებული სავაჭრო ბალანსი მიუთითებს, რომ ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლა შემცირდა, ხოლო მისი გადინება- გაიზარდა. მთავრობას და მის ეკონომიკურ გუნდს ადრეც ჰქონდა რაღაც პროგრამები, მაგრამ ფაქტებს თუ დავეყრდნობით, ეს პროგრამები ეფექტიანი ვერ აღმოჩნდა. რომ შესრულებულიყო, ზრდა გვექნებოდა და არა პირიქით - შემცირება. მთავარი მაინც პრიორიტებების განსაზღვრაა. შემდეგ კი, ამ პრიორიტეტების მიხედვით უნდა იმოქმედოს ბიზნესმაც და სახელმწიფომაც. თუ სახელმწიფო ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესის ხელშეწყობას დაიწყებს, მაშინ სულ სხვა სატარიფო ნორმები უნდა დააწესოს და ამ ბიზნესს სერიოზული შეღავათები უნდა გაუწიოს, რაც დადებით შედეგს თავისთავად მოიტანს".

ამ თვალსაზრისს იზიარებს ექსპერტი სოსო არჩვაძეც: "სამწუხაროდ, საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც თანაფარდობა ექსპორტსა და იმპორტს შორის დარღვეულია, რადგან ჩვენ შემოგვაქვს გაცილებით მეტი პროდუქცია, ვიდრე გაგვაქვს. დიდი ხნის განმავლობაში ამ ტენდენციის შენარჩუნება სასურველი არ არის. საერთოდ, ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს ექსპორტი წაახალისოს, იმისათვის, რომ ეკონომიკა ვითარდებოდეს და ახალი სამუშაო ადგილები იქმნებოდეს, ეს აუცილებელი ფაქტორია. საქართველოსაც უნდა ჰქონდეს საამისო პოტენციალი. როდესაც ეკონომიკა იზრდება, ექსპორტის შემცირება შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე მიზეზით: ან არაკონკურენტული პროდუქცია გაგვაქვს და მსოფლიიო ბაზარზე ვერ ვახერხებთ ჩვენი სეგმენტის შენარჩუნებას, ან ვზრდით ქვეყნის შიდა მომხმარებას და ექსპორტზე ვერ გაგვაქვს სათანადო რაოდენობის პროდუქცია. ამიტომ, ექსპორტის ხელშეწყობას ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, სხვაგვარად საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. პირველ რიგში ქართული პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს მსოფლიო სტანდარტებს, მოთხოვნებს და მხოლოდ ამ შემთხვევაში გაუძლებს კონკურენციას მსოფლიო ბაზარზე, რომელიც საკმაოდ გაჯერებულია. რომელიმე ქვეყნის პროდუქციამ ყურადღება რომ მიიქციოს, ის მაღალი ხარისხითა და დაბალი ფასით უნდა გამოირჩეოდეს. ევროკაშირთან შედარებით ჩვენ დაახლოებით 60-ჯერ ნაკლები შრომის მწარმოებლურობა გვაქვს და ამ პირობებში ევროპულ ქვეყნებს კონკურენციას როგორ გავუწევთ? თუ მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი პროდუქციის ხარისხი იყოს მაღალი და ფასი - დაბალი, მხოლოდ მაშინ შევძლებთ კონკურენციის გაწევას. კარგია, რომ ხელისუფლება აცნობიერებს ექსპორტის შემცირებით გამოწვეულ რისკებს, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია. ექსპორტის მაჩვენებლის კლებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას, ამიტომ, ეს არ უნდა გადაიზარდოს ტენდენციაში, ტენდენციის გამოსწორება გაცილებით რთულია, ვიდრე ერთი, ან ორი წლის მაჩვენებლისა".

ხათუნა ჩიგოგიძე