"საქართველოს რკინიგზა" სისტემურ რეფორმებს ახორციელებს

სს "საქართველოს რკინიგზას" მართვის ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 9001:2008 მიენიჭა.

"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, კომპანიის მენეჯმენტი სისტემურ რეფორმებს ახორციელებს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ რამდენიმე საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა ERP (იარპი), SIX SIGMA (სიქს სიგმა) ა.შ, რაც უზრუნველყოფს "საქართველოს რკინიგზის" განვითარების ახალ ეტაპს. მათივე ინფორმაციით, ISO 9001:2008 არის სტანდარტების საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) მიერ შემუშავებული საერთაშორისო სტანდარტი ხარისხის მართვის სისტემისთვის, რომელიც რამდენიმე ათეული წელია ეხმარება ყველა ტიპის ორგანიზაციას საკუთარი საქმიანობის მართვის გაუმჯობესებაში.

"საქართველოს რკინიგზის" მიერ გაწეული რამდენიმე თვიანი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, საერთაშორისო კომპანია INTERTEK-მა ჩაატარა "საქართველოს რკინიგზის" კორპორატიული მართვის ხარისხის აუდიტი და მისი ISO 9001 სტანდარტთან სრული შესაბამისობა დაადასტურა, შესაბამისი სერტიფიკატი გასცა. "საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, რომ ხარისხის მართვის გამართული და ეფექტიანი სისტემა ორგანიზაციის წარმატებული საქმიანობის და კომპანიის ზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობის განუყოფელი ნაწილია. მათივე ინფორმაციით, "საქართველოს რკინიგზა" ორიენტირებულია სისტემის მუდმივ დახვეწასა და გაუმჯობესებაზე, მომხმარებლების, პარტნიორების და ყველა სხვა დაინტერესებული მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნების გათვალისწინებაზე, შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილებაზე და თანმიმდევრულ განვითარებაზე.