უცხოელებს გარკვეული პირობებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობის უფლება უბრუნდებათ

უცხოელებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება უბრუნდებათ, რაც გარკვეული პირობების გათვალისწინებით შეიძლება მოხდეს.

მიწაზე უცხოელის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები არეგულირებს, რომელიც იუსტიციის და ეკონომიკის სამინისტროების ავტორობითა და მთავრობის ინიციატივით პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა. პროექტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება აქვს სახელმწიფოს, ადგილობრივ თვითმმართველობას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს. ამ უფლებით უცხოელიც ისარგებლებს, თუმცა გარკეული პირობების არსებობის შემთხვევაში.

კერძოდ, უცხოელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას მოიპოვებს, თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მემკვიდრეობის გზით აქვს მიღებული; ასევე, როცა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არის მისი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან საქართველოს მოქალაქის ან მოქალაქეების მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტი. განქორწინების ან კომლიდან გასვლის შემთხვევაში, უცხოელი თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე წილს ინარჩუნებს, თუ ის უცხოელის მიმართ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებისთვის კანონით განსაზღვრულ პირობებს აკმაყოფილებს. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქონა იმ უცხოელსაც შეეძლება, რომელსაც "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა გააჩნია.

კანონპროექტის გათვალისწინებით, ზემოთ ჩამოთვლილი სუბიექტები, რომლებიც საკუთრების უფლების მოპოვების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებისთვის კანონით განსაზღვრულ პირობებს ვეღარ დააკმაყოფილებენ, ვალდებულნი ხდებიან, საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკუთრების უფლების არსებობისათვის აუცილებელი პირობის დარღვევიდან ექვსი თვის ვადაში გაასხვისონ. ამასთან, პროექტის თანახმად, განქორწინებული ან კომლიდან გასული უცხოელის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებისას, ყოფილი მეუღლე თუ კომლის წევრები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, 12 თვის ვადით უპირატესი შესყიდვის უფლებით სარგებლობენ, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოსალოდნელი გასხვისების შესახებ შეტყობინების მომენტიდან აითვლება. იმ შემთხვევაში, თუ კანონით განსაზღვრულ ვადაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების ვალდებულება არ შესრულდება და ამ გარემოების შესახებ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის ცნობილი გახდება, იგი მიმართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილების და ეკონომიკის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციის გაცემის სანაცვლოდ, შესაბამისი პირისთვის მის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევას უზრუნველყოფს.

დაახლოებით ორი წლის წინ, აღნიშნულ კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით უცხოელებსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე მორატორიუმი გამოცხადდა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება დაშვებულ იქნა მხოლოდ კომერციული ბანკებისათვის, ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში - მთავრობის გადაწყვეტილებით. გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო და კანონის შესაბამისი მუხლი ძალადაკარგულად გამოაცხადა.