ფედერიკა მოგერინი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას აუცილებლად მიიჩნევს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ფედერიკა მოგერინი აუცილებლად მიიჩნევს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას, უკრაინაში აგრესიის შეწყვეტის კუთხით.

"სი-ენ-ენ"-თან ინტერვიუში მოგერინიმ განაცხადა, რომ ადრე, მის მიერ გაკეთებული განცხადება, მოსკოვის მიმართ, ვითომდა, სანქციების შესუსტების შესახებ, არასწორად იყო აღქმული. "ჩვენს სასანქციო პოლიტიკაზე არა მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარების მონიტორინგი მოახდენს ზემოქმედებას, არამედ ყირიმის ანექსიის უღიარებლობაც გახდება ერთ-ერთი საბაზისო პირობა იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა ევროკომისარმა.

მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკა ზიანდება და ამის გამო ზიანდება რუსეთის მოსახლეობაც. "რაც არ იცვლება, ეს არის რუსეთის ფაქტობრივი ქცევა და ჩვენ ვიღებთ ურთიერთსაწინააღმდეგო სიგნალებს: ერთ დღეს რუსეთის ლიდერები ემხრობიან "მინსკის შეთანხმებას", მეორე დღეს არაფერი ხდება, პირიქით - ვითარება უარესდება. ვფიქრობ, რომ უნდა გავზარდოთ პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა რუსეთზე", - აღნიშნა მოგერინიმ.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინმა ვერ შეძლო ევროპის გახლეჩა. თუმცა, მოგერინის განცხადებით, ასეთი ერთობის შესანარჩუნებლად, ზოგჯერ, მძიმე გადაწყვეტილებების მიღება ხდება აუცილებელი.