აჯამეთის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

აჯამეთის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სარწყავი და სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაცია მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. აჯამეთის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია საირიგაციო სისტემების მოდერნიზაციის ფარგლებში ახორციელებს.

სამინისტროს განცხადებით, სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ, იმერეთში 3049 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი წყალუზრუნველყოფილი გახდება. აღნიშნული ფართობით 2000 კომლი ისარგებლებს. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება აჯამეთის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის კაშხლის გამრეცხი ფარების მექანიკურ ნაწილს; წყალგამშვებ კვანძებს და სხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს (დიუკერი, ხიდი, მილხიდი); დაგეგმილია გამანაწილებელი არხების რეაბილიტაცია, ახალი ქსელის და წყალგამშვები კვანძების მოწყობა; გაიწმინდება მაგისტრალური არხი (29,6 კმ), დაზიანებული ნაწილი აღდგება და მონოლითური ბეტონითა და ანაკრები რკინაბეტონით (ფილებით) მოპირკეთდება.

მიმდინარე ღონისძიებების შედეგად, ზესტაფონის, თერჯოლის და ბაღდათის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის - (სვირი, როდინაული, ცხენთარო, აჯამეთი და ვარციხე) 3049 ჰექტარი მიწის ფართობის მორწყვა შესაძლებელი გახდება. ასევე, ამ სისტემიდან სპეციალური მიმყვანი არხის მეშვეობით წყალი (1მ3) ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას მიეწოდება.

სარემონტო სამუშაოები 2014 წლის აგვოსტოში დაიწყო და 2016 წლის მაისში დასრულდება. პროექტის ღირებულებაა 6 199 000 ლარი.