ოთარ დანელიამ ავსტრიულ მხარესთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აქსელ ვეხს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ავსტრიის მხარის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. ახლად დანიშნული ელჩი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებასთან დაკავშირებით მინისტრის ხედვით დაინტერესდა. უწყების ცნობით, ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე და მათ განხორციელებაში ევროპული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

მინისტრის თქმით, საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესოა მთიან და მაღალმთიან რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების და აგროტურიზმის ავსტრიული მოდელის შესწავლა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტი, რომელიც საქართველოში ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას ეხება. პროექტი ქართველ მეწარმეებს წარმოებაში თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას მისცემს. როგორც შეხვედრაზე ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა განაცხადა, ავსტრიის სავაჭრო პალატა აქტიურად მუშაობს საქართველოს სოფლის მეურნეობაში ავსტრიული ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულებით. ავსტრიის მხარე ასევე დაინტერესებულია საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდით.

შეხვედრაზე ოთარ დანელიამ შესთავაზა ელჩს საქართველოში ბიზნესფორუმის ორგანიზება, რომელზეც ავსტრიული კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნონ.