საქართველოსა და რუსეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ტექნიკური კონსულტაციები დაიწყო

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის დღეიდან ტექნიკური კონსულტაციები დაიწყო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე შეხვედრების ძირითად განსახილველ საკითხს წარმოადგენს ავიაკომპანიების მიერ პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულების ფრენის სიხშირეები კვირის განმავლობაში. შეხვედრას ასევე ესწრება შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენელი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული მოლაპარაკების ფარგლებში ქართული მხარე მაქსიმალურად შეეცდება, რომ გათვალისწინებულ იქნას ქართული ავიაკომპანიების და ამავდროულად მომხმარებელთა/მგზავრთა ინტერესები. შესაბამისად, როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, მოლაპარაკების პროცესში ქართული მხარის ძირითადი მოთხოვნა იქნება - ფრენის სიხშირეების გადანაწილება განხორციელდეს პარიტეტის საფუძველზე იმგვარად, რომ მიღწეულ იქნას ზემოაღნიშნული მიზნები.