აბაშაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს "მუნიციპალური განვითარების ფონდი", "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან" ერთად, აბაშაში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.

პროექტი აბაშაში წყალსადენის 100 კილომეტრიანი ქსელის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც ეწყობა წყალსადენის კვანძები, სახანძრო ჰიდრანტები, არსებული ამორტიზებული მილები კი პოლიეთილენის მილებით იცვლება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქი სუფთა და ხარისხიან სასმელ წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს. პროექტის ღირებულება 5.700.000 ლარს შეადგენს. ადგილზე დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებია.

ქალაქ აბაშის წყალსადენის ქსელი და სათავე ნაგებობა გასული საუკუნის 60-80-იან წლებშია აშენებული. ქსელის, გამანაწილებელი ჭებისა და წყლის მილების ხანდაზმულობის გამო ქალაქში ხშირია დაზიანებები. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მსგავს სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით კიდევ 28 ქალაქში გეგმავს.