ზურაბ ჯაფარიძე: ავიაკომპანიები, რომლებიც პირადად პუტინს ეკუთვნის, საქართველოში არ უნდა შემოდიოდეს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ავიაკომპანიები, რომლებიც პირადად ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის, საქართველოში არ უნდა შემოდიოდეს.

ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. "დღეს გამართულ შეხვედრებზე საუბარი არ არის მხოლოდ "აეროფლოტზე", საუბარია სხვა რუსულ კომპანიებზეც, რომლებიც არღვევენ საქართველოს კანონს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". როგორ ჩვენ ვიცით, "აეროფლოტს" 30 სექტემბერს ჰქონდა რეისი სოხუმში. ავიაკომპანიები, რომლებიც ეკუთვნის პირადად პუტინს, ჩვენი აზრით, საქართველოში არ უნდა შემოდიოდნენ. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ თავისუფალი საბაზრო პრინციპებით მივუდგეთ ამ ყველაფერს, რასაც ჩვენ მხარს დავუჭერდით. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას და კონკრეტულად საგარეო საქმეთა სამინისტროს, თანხმობა აქვთ გაცხადებული, რომ რუსულ ავიაკომპანიებს, მათ შორის ისეთი ტიპის ავიაკომპანიებსაც, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს, საქართველოს ბაზარზე უშვებენ უპირობოდ. ამ მოლაპარაკებების წინ ქართული მხარე უკვე არის ცუდ მდგომარეობაში, ამიტომ ეჭვი მეპარება, რომ ისინი შეძლებენ საქართველოს ინტერესების დაცვას", - განაცხადა ჯაფარიძემ.

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის დღეიდან ტექნიკური კონსულტაციები დაიწყო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე შეხვედრების ძირითად განსახილველ საკითხს წარმოადგენს ავიაკომპანიების მიერ პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულების ფრენის სიხშირეები კვირის განმავლობაში. შეხვედრას ასევე ესწრება შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლი.