საქართველო ყველაზე დაბალი საარსებო მინიმუმის მქონე ქვეყნების რეიტინგში მოხვდა

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი დათვალეს.

ამის შესახებ ინფორმაციას  ”ბიზნეს ინსაიდერი” ავრცელებს. მის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 15 ქვეყანას შორის, რომელშიც ყველაზე დაბალი საარსებო მინიმუმი მოქმედებს, საქართველო მე-13 ადგილს იკავებს. ბოლო ორ ადგილს კი ფილიპინები და მაროკო ინაწილებენ.

საქართველოს სამომხმარებლო ფასების ინდექსი 39-ს შეადგენს. შედარებისათვის, ყველაზე მაღალი საარსებო მინიმუმი შვეიცარიაშია და ის 126-ია. ამ ინდექსით საქართველო ინდონეზიას, ბანგლადეშს, სირიას და მაკედონიას უსწრებს. ყველაზე მაღალი საარსებო მინიმუმის მქონე ქვეყნებში პირველ სამეულში შვეიცარიასთან ერთად ნორვეგია და ვენესუელა მოხვდნენ.

სამომხმარებლო ფასების ინდექსი, სურსათის, ტრანსპორტის, კვების ობიექტების და კომუნალური გადასახადის ოდენობას ითვალისწინებს.