პოტენციალი, რომელსაც ვერ ვიყენებთ

”ბევრი ისეთი ადგილი გვაქვს, რომლებსაც სხვა ქვეყნები სამთო ტურიზმის ცენტრებად გადააქცევდნენ”

”ზეპირად ვიცი მთიანი რეგიონები, მომწონს და მიყვარს ეს საქმე და ამიტომაც ვერ ვეშვები” - განაცხადა bpn.ge-სთან საუბრისას ტურიზმის ექსპერტმა ნიკა ერქომაიშვილმა. ჩვენი რესპონდენტის თქმით, საქართველოს პოტენციალი სამთო ტურიზმის სფეროში განუზომლად დიდია, მაგრამ ჩვენ ამ პოტენციალს სანახევროდაც ვერ ვიყენებთ.

ნიკა ერქომაიშვილი: პოტენციალი მართლაც განუზომელი გვაქვს: იქნება ეს საცხენოსნო თუ საფეხმავლო მარშრუტები, სამთო ველოსიპედები თუ ალპინიზმი, მაგრამ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ბევრი პრობლემა გვაქვს. ცხადია, ამ მხრივ ვერც შვეიცარიას შევედრებით, ვერც იტალიას, ან საფრანგეთს. ამ ქვეყნების მთის კურორტებზე ყველაფერი იმდენად აწყობილი და დალაგებულია, რომ მხოლოდ დასასვენებლად გამგზავრებაა საჭირო. სამთო ინფრასტრუქტურა ამ ქვეყნებში უმაღლეს დონეზეა მოწყობილი. თუმცა, ჩვენს კურორტებს ერთი უპირატესობა აქვს: ტურისტები, რომლებიც კავკასიონზე, ან საქართველოში ჩამოდიან, აქ სულ სხვა ხიბლს ეძებენ. ამ ხალხს ხშირად შემოვლილი აქვთ მთელი მსოფლიო, ისინი უფრო მოგზაურები არიან, რომლებსაც მოვლილი აქვთ ნეპალი, ალპები, სამხრეთ ამერიკის მთები, კორდილიერები და აქ გამიზნულად მოდიან, რომ საქართველო და კავკასიონი ნახონ. მაგრამ ფასი მაინც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათთვის. ბევრ უთქვამს: წელს საქართველოში ვერ წამოვალთ, რადგან თქვენთან დასვენება ძვირი გვიჯდება, ისევ გვირჩევნია არგენტინაში, პერუში, ან სხვა ქვეყანაში წავიდეთ დასასვენებლადო...

ჩვენი მთავარი ღირსება სწორედ ველური ბუნებაა - ისე გაივლით კილომეტრებს, რომ ტურისტი არ შეგხვდებათ, შეიძლება რამდენიმე დღის მანძილზეც არავინ შეგხვდეს. მოკლედ, ჩვენი კურორტების განუვითარებლობა ერთგვარი დადებითი ფაქტორიცაა. ჩვენთან დაახლოებით ისეთი ვითარებაა, როგორიც ალპებში იყო 200 წლის წინ.

- თუმცა, შედარებით განვითარებული სამთო კურორტებიც ხომ გვაქვს?

- დიახ, ამის მაგალითია სვანეთი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ყურადღების ცენტრშია. იქ გარკვეული ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ საკურორტო ინფრასტრუქტურა განვითარდეს, მაგრამ ყურადღება სჭირდება რაჭას, რომელიც ულამაზესი კუთხეა. ასეთივე მდგომარეობა გვაქვს მთიან აჭარასა და გურიაშიც. ბოლო დროს თუშეთსა და ხევსურეთში შედარებით გაუმჯობესდა ვითარება, მაგრამ ყურადღების მიღმაა დარჩენილი თრიალეთის ქედი, რომელიც ამ მიმართულებით უაღრესად საინტერესო ადგილია. ბევრი ისეთი ადგილი გვაქვს, რომლებიც სხვა ქვეყნებში სამთო ტურიზმის უდიდეს ცენტრებად იქნებოდა გადაქცეული. გამოდის, რომ ამ სფეროში ჩვენი პოტენციალის ნახევარს კი არა, 30 პროცენტსაც ვერ ვიყენებთ. სწორედ ამიტომ, აქ ტურისტები კი არ ჩამოდიან, ჩამოდიან მოგზაურები, რომლებსაც გამიზნულად აინტერესებთ საქართველო. უცხოეთში კი, ყველაფერი მასობრივ ტურიზმზეა გათვლილი: იქ არ გიწევს სამზარეულო მოწყობილობის თან წაღება, მიდიხარ, 4200 მეტრზე და გხვდება რესტორანი, სადაც შეგიძლია ისაუზმო და ის შეუკვეთო, რაც გაგიხარდება.

- რა შეიძლება ითქვას ჩვენი სამთო კურორტების ფასებზე?

- ფასების მხრივაც, საქართველო საკმაოდ ძვირი ქვეყანა გამოდის. მაგალითად, როდესაც ტურისტების ჯგუფი ცხენით გადამყავს ხევსურეთიდან თუშეთში, ან სხვა ადგილას, ამ ცხენის საშემოსავლო გადასახადსაც კი ვიხდი - 20 პროცენტს. მთის მოსახლეობა არანაირი შეღავათებით არ სარგებლობს, მათ არც გადასახადების შემცირება ეხებათ და არც სხვა შეღავათი. ვებგვერდებზეც რომ შეადაროთ, რა ჯდება დასვენება მაგალითად სლოვაკეთის, ან პოლონეთის მთიანეთში და ჩვენთან, აშკარაა, რომ ჩვენთან უფრო მაღალი ფასებია. ევროპაშიც მიმუშავია და ვიცი, რომ ქართული კურორტები უფრო ძვირია. როდესაც ფასები მაღალია, რიგითი ტურისტი ყოველთვის თავს შეიკავებს აქ ჩამოსვლისაგან, რადგან ის არ არის გაეროს, ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ის ყველაფერს თავისი ჯიბიდან იხდის. სწორედ ამის ბრალია, რომ კონკურენციას ვერ ვუწევთ მეზობელ ქვეყნებს, მაგალითად, თურქეთს, ან სომხეთს, რომელიც აცხადებს, რომ დიდი პოტენციალი აქვს სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში. არადა, საქართველოსთან შედარებით ამ მხრივ სომხეთს საკმაოდ დაბალი პოტენციალი აქვს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენთან საგადასახადო სისტემა კატასტროფულია, ეს პოტენციალი გამოუყენებელი რჩება. არც ერთ ტუროპერატორს სამთო ტურებზე ხარჯის გაწევა არ უღირს, ამიტომ, მხოლოდ რამდენიმე კომპანიაა, რომელიც ამგვარ ტურებზე მუშაობს. მით უმეტეს, ტურიზმის ამ მიმართულების განვითარებას საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

- რატომ სტრატეგიული?

- იმიტომ, რომ ეს ძირითადად სასაზღვრო ზონებია. კავკასიონის სასაზღვრო ზოლზე, სადაც ხალხს მიზერული შემოსავალი აქვს, ტურისტების გამოჩენა შემოსავლების მიღების ერთადერთი წყაროა. ამიტომ, ძალიან ბევრი ოჯახია ამაზე დამოკიდებული. ჩემი აზრით, სასაზღვრო ზოლში მცხოვრები მოსახლეობა გადასახადებისაგან სულ უნდა გაათავისუფლონ, ეს არის ყველაზე მარტივი და კარგი გზა, რომ ხალხი გავაჩეროთ მთის სოფლებში, რომლებიც თანდათან იცლება და უკაცრიელი ხდება. ამიტომ, სამთო კურორტების განვითარებას ადგილობრივი მოსახლეობისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, თუშეთში პირველი ტურისტები ჩვენ ავიყვანეთ. მერე ეს სისტემა თანდათან ამუშავდა და ახლა იქ ყველა სოფელში პატარა სასტუმრო სახლებია გახსნილი. ხალხმა დაინახა, რომ ამ გზითაც შეიძლება შემოსავალი ჰქონდეს. თუშეთში ყველას აქვს გაკეთებული ასეთი პატარა სასტუმრო, ეს მაშინ, როცა რაჭა, მთიანი სამეგრელო, გურია და აჭარა აბსოლუტურად ცარიელია. უკვე გითხარით-  უდიდესი პოტენციალი გვაქვს, რომელსაც ვერ ვიყენებთ მაშინ, როცა ეს არის ერთ-ერთი სტიმული, რომ სასაზღვრო ზოლის მოსახლეობა საკუთარ სოფლებში გაჩერდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ სულ სხვა ხალხი დასახლდება. ასე დაიცალა ბოლო ხანებში რამდენიმე სოფელი და იქ უკვე დაღესტნელები ცხოვრობენ.

ნელ-ნელა პოზიტიური ნაბიჯებიც იდგმება: დაიბეჭდა რუკები, ეროვნულ პარკებში რაღაც ნიშნულები დაიდგა. ცხადია, ჯერ ძალიან შორს ვართ იმისაგან, რაც უნდა იყოს, მაგრამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რაღაც ძვრები აშკარად იგრძნობა. მართალია, დონორი ორგანიზაციები ამ სფეროს განვითარებაში ფულს ხარჯავენ, მაგრამ ძალიან არაკოორდინირებულად. მე ძალიან ბევრჯერ მითქვამს ეს ტურიზმის დეპარტამენტშიც და დაცული ტერიტორიების სააგენტოშიც. სამწუხაროა, რომ ამ ორგანიზაციების კოორდინაცია ფაქტობრივად, ნულის ტოლია. საქართველოს მასშტაბებისათვის ძალიან დიდი თანხები იხარჯება, მაგრამ ძალზე არაეფექტურად და რეალური შედეგები ჯერ კიდევ არ ჩანს.

ხათუნა ჩიგოგიძე

სტატიის ინგლისური ვერსია იხილეთ ლინკზე: Untapped potential of Georgia’s mountain resorts