მერია ბიზნესპროექტებს   2 379 000 ლარით დააფინანსებს

გასული წლის მსგავსად, მერია მიმდინარე წელსაც აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას.

შარშან მერიამ ამ მიმართულებით 3 700 000 ლარის დაფინანსება გამოყო. მოახლოებულ ახალგაზრდულ ოლიმპიადასთან დაკავშირებით, აქტუალურია სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოწყობა, შესაბამისად ეს მიმართულება ბიზნესპროექტებს შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება. ვის შეუძლია ისარგებლოს მერიის შეღავათიანი სესხით და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მეწარმე იმისთვის, რომ დაფინანსება მიიღოს - ამ და სხვა საკითხებზე Bpn.ge-ს თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი ბერეკაშვილი ესაუბრა.

ირაკლი ბერეკაშვილი: თბილისის მერია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტს 2006 წლიდან ახორციელებს. 2014 წელს მოხდა პროექტის პირობების დახვეწა. გამოიკვეთა პრიორიტული მიმართულებები. გამარტივდა სესხის გაცემის პირობები. პრიორიტეტული გახდა ადგილობრივი პროდუქციის შემქმნელი და სერვისის მიმწოდებელი ბიზნესების ხელშეწყობა. რადგან მიმდინარე წელს თბილისში დაგეგმილია რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზება და მოსალოდნელია ვიზიტორთა ნაკადის მატება, პრიორიტეტული გახდა სასტუმრო ბიზნესის ხელშეწყობა. პროექტის ისტორიაში ყველაზე დიდი თანხა სწორედ 2014 წლის ბოლოს, ნოემბერსა და დეკემბერში გაიცა.

- რამდენ ბიზნესპროექტზე გაიცა უკვე სესხი?

- 2006 წლიდან დღემდე დაფინანსდა 110 ბიზნესი, ჯამში დაახლოებით 9 მლნ ლარის ოდენობით. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში აღინიშნა. უწინ თუ მთელი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით საშუალოდ მილიონ ლარამდე გაიცემოდა, 2014 წლის ბოლოს 3 700 000 ლარის ათვისება მოხდა. ამ თანხით ( 6%-იანი სესხით) დაფინანსდა 6 ბიზნესპროექტი, მათ შორის 4 სასტუმრო ბიზნესი. ამ პროექტების განხორციელების შედეგად შეიქმნება 200 ახალი სამუშაო ადგილი.

- რა რაოდენობის სესხზეა საუბარი და რა კრიტერიუმებით დაამტკიცებს მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური შემოტანილ განცხადებებს?

- დედაქალაქის მერია ნებისმიერი ტიპის მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობას ცდილობს. შესაბამისად, განიხილავს პროექტების ფართო სპექტრს. პროგრამის პირობების მიხედვით განსაკუთრებული შეზღუდვები სესხის მოცულობაზე არ არსებობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტით რაც შეიძლება მეტმა მეწარმემ ისარგებლოს, გამომდინარე აქედან, უპირატესობა მიენიჭებათ საშუალო ბიუჯეტის მქონე ბიზნესპროექტებს. რაც შეეხება კრიტერიუმებს და დეტალებს, თუ როგორ უნდა მოახერხოს მეწარმემ იაფი რესურსით სარგებლობა, პროცედურები ასეთია: იაფი ფულადი რესურსის მისაღებად მეწარმემ მერიაში უნდა წარადგინოს საპროექტო განაცხადი და აირჩიოს პარტნიორი ბანკი; განაცხადი განიხილება შესაბამისი სამსახურის მიერ და დასამტკიცებლად გადაეგზავნება მეწარმის მიერ არჩეულ ბანკს; ბანკის დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, მერია იღებს პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილებას. თანხა მთლიანად მერიის ბიუჯეტიდან გაიცემა და წლიურ საპროცენტო განაკვეთს - 6%-ს, ბანკი მომსახურებისთვის მიიღებს. სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა 5 წელია და მსესხებელი გათავისუფლებულია ყველანაირი დამატებითი გადასახადისგან (დამტკიცების, გაცემის და სხვა საკომისიოები).

სესხის პირობების მიხედვით, მეწარმეს შეუძლია ისარგებლოს მისი ბიზნესის სპეციფიკაზე მორგებული საშეღავათო პერიოდით და გადახდის მოქნილი გრაფიკით. ამ ეტაპზე პროექტში ჩართულები არიან „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“ და „ბაზის ბანკი“. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში თბილისის მერია აქტიურად თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც ხელს უწყობენ სოციალური მეწარმეობის განვითარებას, შესაბამისად, ამ სესხით სარგებლობა შეუძლიათ სოციალურ მეწარმეებსაც და მათ აქვთ საშუალება, სესხთან ერთად მიიღონ სოლიდური ოდენობის გრანტიც პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.

- საერთო ჯამში რამდენია გამოყოფილი მერიის ბიუჯეტში ამ მიმართულებით და შეზღუდულია თუ არა ბიზნესპროექტების რაოდენობა?

- მერიის ბიუჯეტში ამ მიმართულებით 2 379 000 ლარია გამოყოფილი. დასაფინანსებელი ბიზნესპროექტების რაოდენობა კი შეზღუდული არ არის.

სალომე გოგოხია