ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართული მონაკვეთის პრეზენტაცია გაიმართა

რკინიგზის ამოქმედების შემდეგ დამატებით 2500 ადამიანი დასაქმდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართული მონაკვეთის პრეზენტაციას და სამუშაო/სატესტო მატარებლის გავლას დაესწრნენ. საპრეზენტაციო ღონისძიება ჯავახეთში, კარწახში გაიმართა და მასში ასევე მონაწილეობა მიიღეს შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზის" დირექტორმა ოლეგ ბიჭიაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზის" კონტრაქტორი კომპანიების, აზერბაიჯანის რკინიგზისა და ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

მათივე ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად არის დასახელებული. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გამართულ სხვადასხვა დონის შეხვედრებზე აქტიურად განიხილებოდა საკითხი იმის შესახებ, რომ 2014 წლის ბოლოს ქართულ მონაკვეთზე უნდა გაევლო პირველ სატესტო მატარებელს. დათქმული ვადების შესაბამისად, შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზამ" დაასრულა ლიანდაგის დაგება მთელ მონაკვეთზე.

ახალ რკინიგზას წელიწადში 1 მილიონი მგზავრის გადაყვანისა და, პირველ ეტაპზე, 5 მილიონი ტონა ტვირთის გატარების პოტენციალი ექნება. სატვირთო მოცულობა მუდმივად გაიზრდება და მეორე ეტაპისთვის წელიწადში 15 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება. აღსანიშნავია, რომ რკინიგზის ამოქმედების შემდეგ დამატებით 2500 ადამიანი დასაქმდება.