თამარ ბერუჩაშვილი: რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგს დროებით ვაჩერებთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ბაზარს "მახედ" მიიჩნევს.

ამის შესახებ თამარ ბერუჩაშვილმა ვაშინგტონში, რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა. მინისტრმა რუსეთის ბაზარს "ძალიან არაპროგნოზირებადი" უწოდა. "ახლა დროებით ვაჩერებთ რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე ამ დიალოგს, მას აზრი არა აქვს. რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია, ისევ აამოქმედოს ემბარგო", - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

მისივე შეფასებით, რუსეთი მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც განაგრძობს დესტრუქციულ ნაბიჯებს, რისი უკანასკნელი ნათელყოფა იყო ნოემბერში, მოსკოვში ე.წ. სტრატეგიული პარტნიორობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან. საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში ვითარებაზე საუბრისას, სადაც რუსეთს 11 500-მდე ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული, მინისტრმა აღნიშნა, რომ იქ სამხედრო ძალების გაძლიერება ძალზე ინტენსიურად მიმდინარეობს. "შემდეგი ნაბიჯი ოსეთი იქნება, არსებობს იმის ნიშნები, რომ შესაძლოა, გამეორებულ იქნეს ყირიმის მსგავსი სცენარი და განხორციელდეს სამხრეთ ოსეთის ანექსია", - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგის დროებით გაჩერების შესახებ, არასწორი ინტერპრეტაციია. "ვფიქრობ, რომ საქმე გვაქვს არასწორ ინტერპრეტაციასთან. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობას გამიჯნული გვაქვს რუსეთთან პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა. შესაბამისად, სავაჭრო-ეკონომიკურ ნაწილში ურთიერთობები გრძელდება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მეწარმეებისთვის, ფერმერებისთვის, გლეხებისთვის", - განაცხადა ოთარ დანელიამ.