სოფლის მეურნეობის სამინისტრო: 22 118 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 22 118 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა.

უწყების ცნობით, 31 იანვარს სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიება სრულდება. სამინისტროს ინფორმაციით, ფერმერებმა ჯამში 10 345 ტონა სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინი ჩააბარეს. პროგრამაში მონაწილეობის შედეგად, ბენეფიციარებმა მიიღეს 2 127 000 ლარის შემოსავალი, აქედან სახელმწიფო სუბსიდიის თანხამ 1 035 000 ლარი შეადგინა.

სამინისტროს განცხადებით, ბათუმში გამართულ შეხვედრაზე სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის შედეგები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა არჩილ ხაბაძემ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტმა ზაურ ფუტკარაძემ შეაჯამეს. "საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიება 2014 წლის 24 ნოემბრიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში, კომპანიებმა, რომლებმაც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინი არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდია მიიღეს", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ პროგრამაში ჩართული იყო ოთხი კომპანია: „Georgian Industrial Asset Management Group“, „TCF GEORGIA“, „GEO-FLOWER“ და "ჯეო-კონცენტრატი". როგორც სამინისტროში განმარტავენ, კომპანიებს სახელმწიფო სუბსიდიის გარდა, საშუალება ჰქონდათ "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში აეღოთ კრედიტი, რომლის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. 30 იანვრის მონაცემებით 5 საწარმოზე დამტკიცებულია 1 მილიონ 525 ათასი ლარი. "ქარხნებთან რიგის დარეგულირებისა და მანდარინის ჩაბარების პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით, შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი. პროგრამის მიმდინარეობისას საკოორდინაციო შტაბმა შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, სადაც თავი მოიყარა აჭარის, გურიის და სამეგრელოს რაიონების სოფლებიდან გაყიდული მანდარინის მონაცემებმა როგორც შიდა ბაზარზე, ასევე ექსპორტზე. შტაბის მიერ განისაზღვრა ექსპორტიორთა მონაცემები, მოხდა მათი რეგისტრაცია და შეიქმნა ექსპორტიორთა ახალი მონაცემთა ბაზა",- განაცხადეს სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, დარეგისტრირდა 82 გადამზიდავი კომპანია, რომელსაც 367 სახმელეთო ტრანსპორტი ჰყავს. ამ კომპანიებმა მზადყოფნა გამოთქვეს, მანდარინი 10-ზე მეტ ქვეყანაში გადაეზიდათ. პარალელურად საზღვაო სატრანსპორტო კომპანიის დახმარებით შემუშავდა წინასწარი გრაფიკები, რამაც მანდარინის ექსპორტზე გატანის პროცესი გაამარტივა. "საკოორდინაციო შტაბმა სამივე რეგიონში აღრიცხა პავილიონების რაოდენობა. მთლიანობაში აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში 39 პავილიონს პასპორტიზაცია თავიდან ჩაუტარდა. ამ ინფორმაციის ერთიან ბაზაში თავმოყრა როგორც მანდარინის ჩამბარებლებს, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მომავალ წელს უფრო გაუმარტივებს მანდარინის მიღების, დაბინავების და რეალიზაციის პროცესს. მიმდინარე სეზონზე ჯამში 22 118 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა", - აცხადებენ სამინისტროში.