სარფში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

სარფში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სარფში სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრ და ქვისცვენის საწინააღმდეგო სამუშაოებს სამინისტროს შპს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს. სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში, სარფის სანაპიროს მთელ სიგრძეზე შენდება 7,9 მეტრი სიმაღლისა და 3,3 მეტრი სისქის ქვანაყარი ბერმა და მაგრდება 10-ტონიანი 8500 ტეტრაპოდი. ასევე, გზის 932 მეტრიან კლდოვან ნაწილზე სპეციალური დამცავი ბადე კეთდება. სარფის ნაპირგამგარების პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 45 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის დასრულება წელს იგეგმება. სამუშაოებზე 300 ადამიანია დასაქმებული, ძირითადად - ადგილობრივი მცხოვრებლები. ნაპირგამაგრებისას გამოყენებული მასალა, ტეტრაპოდები 100%-ით ადგილობრივი წარმოებისაა.

ასევე სამინისტროს განმარტებით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე, დღე-ღამეში, საშუალოდ, 15.000 მანქანა მოძრაობს. "შტორმული ტალღების ზემოქმედების შედეგად კი გზის ქვედა ფერდი ირეცხება, რაც მის მდგრადობას საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, მასზე მოძრავ ტრანსპორტსა და მგზავრებს. პრობლემას წარმოშობს ინტენსიური ქვისცვენაც. ციცაბო ფერდობებიდან ლოდები წელიწადის ყველა დროს ერთნაირი ინტენსივობით იყრება და ხშირია მგზავრების, მანქანებისა და ტვირთების დაზიანების შემთხვევები. სანაპირო ზოლის გამაგრების, მოწყობისა და ქვისცვენის საწინააღმდეგო ბადის დამაგრების შედეგად, ტერიტორია დაცული და უსაფრთხო გახდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე საერთაშორისო გადამზიდავებისა და უცხოელი მგზავრებისთვის", - აცხადებენ სამინისტროში.