გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდნენ

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დღეს კიევში უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდნენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კიევში გიორგი კვირიკაშვილისა და საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრ აივარას აბრომავიჩუსთან შეხვედრა გაიმართა. სამინისტროს ცნობით, შეხვედრამ კონსტრუქციულ და საქმიან გარემოში ჩაიარა. მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ 2015 წლის ივნისში ბათუმში გაიმართება ორი ქვეყნის სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომა, რომელზეც საქართველო-უკრაინის ეკონომიკური კავშირების წახალისების კონკრეტული მიმართულებები განიხილება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კომისიის სხდომაზე იქნება დასახული კონკრეტული გეგმები, თუ როგორ მოხდება საქართველო-უკრაინას შორის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიულ ურთიერთობათა წახალისება.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს გამოცდილებაზე ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების საკითხზე და დადებითად შეფასდა ის ნაბიჯები, რომელიც ამ მიმართულებით გადაიდგა.