მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის საკითხზე წინასწარი შეხვედრა გაიმართა

სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების მიზნით გამოცხადებულ ღია საერთაშორისო ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიებისათვის წინასწარი შეხვედრა გაიმართა.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილე კომპანიის წარმომადგენლებისთვის სნგკ-მ პრეზენტაცია წარადგინა და მათ კითხვებს უპასუხა. შეხვედრაში მონაწილეობა 18-მა კომპანიამ მიიღო, მათ შორის საქართველოდან, უკრაინიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, დანიიდან, ჰოლანდიიდან, ჩეხეთიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან და ლატვიიდან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სს საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებიც.

შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს გაზსაცავის ასაშენებლად შერჩეული ტერიტორია. უკვე ჩატარებული ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს შუა ეოცენის ჰორიზონტი გაზსაცავის მშენებლობის თვალსაზრისით ყველაზე ოპტიმალური სტრუქტურაა საქართველოში. გაზსაცავის მშენებლობით საქართველო მიიღებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, რომელიც აამაღლებს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდებას კრიტიკულ სიტუაციებში ქვეყნის გარედან გაზის მოწოდების შეფერხების შემთხვევაში და შეამცირებს გაზის მოწოდებასა და მოხმარებას შორის არსებულ სეზონურ დისბალანსს. როგორც ნავთობისა და გაზის კორპორაციაში აცხადებენ, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც გაზსაცავი არ გააჩნია.

გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასში 230-250 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც დღესდღეობით მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ს შეადგენს. გაზსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება 2015 წლის ბოლომდე დასრულდება. პარალელურად, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მოახდენს პროექტის დაფინანსებისათვის აუცილებელი პირობების შესწავლას. ამასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს განხილვები კომერციულ ბანკებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და კერძო კომპანიებთან. პროექტის დაფინანსების ერთ-ერთ საშუალებად ასევე განიხილება ევროობლიგაციების განთავსება. "ამ მიმართულებით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას უკვე გააჩნია მნიშვნელოვანი გამოცდილება. კერძოდ, ევროპისა და აშშ-ის საფონდო ბაზრებზე კორპორაციის მიერ მოზიდული დაფინანსებით ამჟამად, სს საპარტნიორო ფონდთან ერთად, გარდაბანში 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც წელს შევა ექსპლუატაციაში", -ნათქვამია ინფორმაციაში.

სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე გაზსაცავის მშენებლობის დაწყება 2016 წელსაა დაგეგმილი. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების მიზნით ტენდერი სნგკ-მ 14 იანვარს გამოაცხადა. წინადადებების მიღების ვადა 2015 წლის 26 თებერვალს იწურება.