გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას კიევიდან გამოეხმაურა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას კიევიდან ეხმაურება.

"მონეტარული პოლიტიკა და ინფლაციის კონტროლი არის ეროვნული ბანკის ექსკლუზიური სფერო. რაც შეეხება საბიუჯეტო მხარეს, იანვარში გეგმა შესრულებულია მცირეოდენი გადაჭარბებითაც კი. მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საგარეო მოვლენების ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და ვალუტის კურსზე იყოს რაც შეიძლება მინიმალური",-აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.  რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, რომლის შემცირების საკითხზეც ქადაგიძემ ისაუბრა, კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ და, ფაქტობრივად, ონლაინ რეჟიმში აკვირდებიან ყველა პარამეტრს.  "როგორც კი ამის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, შეთანხმებულად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. დღესდღეობით რაიმე ზუსტი პროგნოზის გაკეთება ნაადრევია. ერთი უნდა ითქვას, რომ ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი მთავრობისა და ეროვნული ბანკის მხრიდან არის მკაცრი და კოორდინირებული კონტროლის ქვეშ",- განაცხადა კიევში ვიზიტით მყოფმა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ  დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლარის გამყარების მიზნით ეროვნული ბანკი მომავალი კვირიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას იწყებს. გარდა ამისა, ქადაგიძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკის 5-პროცენტიანი ზრდის მაჩვენებელი შემცირების კუთხით უნდა გადაიხედოს.