ნოდარ ხადური: ამ ეტაპზე არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომელიც ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დაზუსტების საშუალებას მოგვცემს

ამ ეტაპზე საკმარისი ინფორმაცია, რომელიც ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დაზუსტების საშუალებას მოგვცემს, არ გვაქვს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დეკემბერში, როდესაც პარლამენტმა დაამტკიცა ბიუჯეტი, სრულიად რეალური იყო ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზი, თუმცა, მას შემდეგ, სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. "რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრებას ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ვაკვირდებით ყველა იმ მდგენელს, რომელიც განსაზღვრავს ეკონომიკურ ზრდას. მათ შორის, ეს არის ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონში, სადაც ყველა ქვეყანამ გააუარესა ეკონომიკური ზრდის პროგრესი. ჯერ ერთი თვეც არ არის გასული ახალი წლიდან, ჩვენ არ გვაქვს ამ დროისთვის შესაბამისი ინფორმაცია. გავაგრძელებთ კონსულტაციებს ეკონომიკის სამინისტროსთან, ეროვნულ ბანკთან, საერთაშორისო საფინანსო ორგანოებთან, იმასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში დავაზუსტოთ ზრდის პროგნოზი. ამ ეტაპზე საკმარისი ინფორმაცია, რომელიც პროგნოზის დაზუსტების საშუალებას მოგვცემს, არ გვაქვს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. მისივე თქმით, ამ მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა.

"რეგიონში არსებული სიტუაცია უკვე გითხარით. ჩვენ მთავარ ეკონომიკურ პარტნიორებს თუ შევხედავთ, იგივე ევროკავშირის მდგომარეობას, ნახავთ, რომ მნიშვნელოვნად გაუარესებულია ევრო, რაც ჩვენგან გამოიწვევს სავაჭრო ურთიერთობების გარკვეულ გადახედვას. ეს ნიშნავს, რომ ევროპიდან ჩვენი მიმართულებით არის სრულიად შესაძლებელი, რომ ექსპორტ-იმპორტის ბალანსი შეიცვალოს. მეორე მხრივ, ის ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ნავთობრპოდუქტები შემოდის გვაძლევს საშუალებას, რომ ფასები უფრო სტაბილური იყოს, რადგან ნავთობრპოდუქტები გაიაფებულია. თუმცა, ამ დროს ექსპორტის ბალანსი აქაც ირღვევა, ასევე არის რუსეთი, უკრაინა და ცენტრალური აზიის ქვეყნები. აქედან გამომდინარე, ჩვენ შიდა და გარე ფაქტორებს ვაანალიზებთ და მას შემდეგ, რაც გვექნება გარკვეული ტიპის ინფორმაცია, მოგვეცემა შესაძლებლობა, უფრო ზუსტი პროგნოზები გავაკეთოთ", - განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად გარკვეული დროა საჭირო. "დეკემბრის შემდეგ, როდესაც პარლამენტმა დაამტკიცა ბიუჯეტი, მნიშვნელოვნად შეიცვალა გარემო. როდესაც ბიუჯეტზე ვმუშაობდით, 5%-იანი ზრდა იყო აბსოლუტურად რეალისტური. ახლა ჩვენ ვსწავლობთ მაჩვენებლებს, რომელიც არის ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ", - განაცხადა ხადურმა.