სარკინიგზო-საბორნე გადაზიდვების განვითარების მიზნით ოთხ ქვეყანას შორის დოკუმენტი გაფორმდა

თურქეთში, სტამბოლში ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) მთავრობათაშორისი კომისიის მუდმივმოქმედი სამდივნოს შეხვედრა და რიგით მე-11 მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და TRACECA-ს ეროვნული მდივანი ნათია მიქელაძე მონაწილეობდა. მათივე ინფორმაციით, სხდომის ფარგლებში, დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საქართველომ, უკრაინამ, თურქეთმა და ტაჯიკეთმა ხელი მოაწერეს "ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარების საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითად მრავალმხრივ შეთანხმებაში" ცვლილებების შეტანის ოქმს, რომელიც "შავ და კასპიის ზღვებზე სარკინიგზო-საბორნე კომპლექსების ექსპლუატაციის ფუნდამენტური პრინციპების შესახებ" ტექნიკური დანართის ძალაში შესვლას ითვალისწინებს.

ნათია მიქელაძის განმარტებით, აღნიშნული ტექნიკური დანართის პროექტი თავის დროზე ინიცირებული იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს "საქართველოს რკინიგზის" მიერ. მისი თქმით, პროექტის ძირითად მიზნებს წარმოადგენს სარკინიგზო-საბორნე გადაზიდვების განვითარება, გადაზიდვების თვითღირებულების შემცირება, ტვირთბრუნვის ზრდა, ასევე ტვირთნაკადებისა და ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაცია.

აღნიშნულ სხდომაზე ასევე დამტკიცდა ტექნიკური დოკუმენტი სახელწოდებით "ტრასეკას მრავალმხრივი ნებართვა, მომხმარებლის სახელმძღვანელო". ამ გადაწყვეტილებით საქართველო TRACECA–ს წევრ 6 ქვეყანასთან ერთად (სომხეთი, მოლდოვა, რუმინეთი, ტაჯიკეთი, თურქეთი, უკრაინა) ჩაერთო TRACECA-ს მრავალმხრივი ნებართვების სისტემაში. "აღნიშნული სისტემის მონაწილე ქვეყნების საავტომობილო გადამზიდავებს შესაძლებლობა ექნებათ ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებს შორის ერთი ნებართვით, ერთჯერადად (1 წრიულ რეისზე) განახორციელონ საავტომობილო-სატვირთო გადაზიდვები ორმხრივ, ტრანზიტულ და მესამე ქვეყნიდან ან ქვეყანაში გადაზიდვის რეჟიმებში, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს აღნიშნულ ქვეყნებს შორის საავტომობილო მიმოსვლას", - განაცხადა ნათია მიქელაძემ.