არჩილ გაჩეჩილაძე: ლარის კურსის ცვლილება იმპორტის შემცირებას გამოიწვევს

"გალტ & თაგარტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, ლარის კურსის ვარდნის გამო პრობლემები განსაკუთრებით იმ ბიზნესებს შეეხოთ, რომლებსაც სესხები დოლარში აქვთ.

როგორც გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი დოლარში სესხის მომსახურება გაიზარდა თითქმის 30%-ით, რაც პატარა ციფრი არ არის. "ლარის კურსის ცვლილება გამოიწვევს იმპორტის შემცირებას. ნაწილს ბიზნესების, რომლებიც იმპორტზეა დამოკიდებული, შეუმცირდება მარჟები. ყველაზე დიდ გავლენას იქონიებს იმ ბიზნესებზე, რომლებსაც დოლარში აქვთ სესხები, რადგან სადოლარე სესხის მომსახურება გაიზარდა თითქმის 30%-ით, რაც პატარა ციფრი ნამდვილად არ არის", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისივე განცხადებით, შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით რეგულაცია ინვესტორებისთვის არასასიამოვნოა. "ბოლო რეგულაცია, რომელიც არ მომწონს, შრომის ინსპექციაა. ამაზე იყო ლაპარაკი, თითქოს ერთი წელი მზადება უნდა ყოფილიყო, თუმცა ახლა გადავდივართ პირდაპირ ამაზე. ერთი ცალკე რეგულაცია არ არის დამანგრეველი, მაგრამ საწყენია, რომ სასწრაფოდ მოხდა ამ რეგულაციის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვაა აუცილებელი. ეს ინვესტორებისთვის არასასიამოვნო რეგულაციაა", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.