კახა კალაძე: ეკონომიკური ზრდა დაახლოებით, 2-2.5% იქნება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ გამორიცხავს.

ამის შესახებ კახა კალაძემ გუშინ, "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. კითხვაზე - "რუსთავი 2"-ის ინტერაქტივის დროს, გამოკითხულთა 90% პროცენტზე მეტმა უპასუხა, რომ ეკონომიკური გუნდი უნდა გადადგეს, კახა კალაძის თქმით, აღნიშნული ტელევიზიიდან სხვა ინტერაქტივის პასუხებს არც ელოდა.

მისი თქმით, მთავრობა პასუხისმგებლობას არ გაურბის. "მძიმეა ის ყველაფერი, რაც ხდება ლართან დაკავშირებით, ძალიან უჭირს ქვეყნის მოსახლეობას და მძიმე სოციალური ფონია". "უნდა ვიყოთ ოპტიმისტები, ქვეყანაში ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და ეს მომავალშიც გაგრძელდება", - აღნიშნა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, წელს დაგეგმილი იყო ეკონომიკური ზრდის 5%-იანი მაჩვენებელი, თუმცა ამ მძიმე პირობებში ეკონომიკური ზრდა დაახლოებით, 2-2.5% იქნება. კითხვაზე - რამდენად რეალურია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი, კალაძის თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობაზე პასუხის გაცემა გაუჭირდება. "მე გამიჭირდება პასუხის გაცემა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობაზე, თუმცა ამის კონსტიტუციური უფლება ნამდვილად გვაქვს. თუ ამის აუცილებლობა იქნება, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ეს პოლიტიკის ნაწილია", - განაცხადა კალაძემ.