მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ბიზნესმენებს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა წარუდგინა

მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ბიზნესმენებს სამოქმედო ნაბიჯების ჩამონათვალი და კონკრეტული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა წარუდგინა.

როგორც ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა, ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა იყო ბიზნესის წარმომადგენლებთან, სადაც საუბარი იყო იმ გეგმებზე, რომელიც უახლოეს დღეებში ხორციელდება და განხორციელდება, რათა დაბალანსდეს სავალუტო დისბალანსი და საშუალოვადიან პერსპექტივაში გამოსწორდეს სიტუაცია. "ყველანაირი საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ეს ასე მოხდება. ჩვენ წარვუდგინეთ მათ ჩვენი ნაბიჯების ჩამონათვალი. წარვადგინეთ კონკრეტული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა. უკვე დარბაზშივე გამოითქვა სურვილი რამდენიმე ობიექტთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ინვესტიციები. მარტო ამ ობიექტებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორი-სამი თვის პერიოდში შევძლებთ დაახლოებით 300-350 მილიონი დოლარის მობილიზებას. ამას გარდა, ჩვენ გვექნება ძალიან სერიოზული ნაბიჯები საკანონმდებლო კუთხით ბიზნესისადმი და ინვესტიციებისადმი ხელშეწყობის მიმართულებით, რასაც ალბათ უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრი გააჟღერებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება საპრივატიზაციო ობიექტებს, მისი თქმით, ჩამონათვალი დიდია. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეს არის ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა, ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი შენობა, სადაც არის საშუალება, რომ მათ გამოიცვალონ ადგილი და აშენდეს სასტუმრო დანიშნულების ობიექტი. ეს არის ბობოყვათის რეზიდენცია, წყნეთის სამთავრობო აგარაკების ტერიტორია, თბოელექტროსადგური, ლატარიის კომპანია, რომლის ლიცენზიაზე გამოტანაც უახლოეს დღეებში იგეგმება და ა. შ.  "ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩამონათვალი ობიექტების, რომელიც ლარის კურსს ძალიან მნიშვნელოვნად დაასტაბილურებს. ჩვენ ველოდებით, რომ ეს კურსი შეიძლება გამყარებისკენ წავიდეს ამ ქმედებების განხორციელების შედეგად, ამიტომ ვფიქრობ, რომ გვაქვს საფუძველი ვიყოთ რეალისტები, ფრთხილად ოპტიმისტები, ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგებს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.