”წელს ეკონომიკური ზრდა 2%-ის ფარგლებში იქნება”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ვარაუდით, წელს ეკონომიკური ზრდა 2%-ის ფარგლებში იქნება.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში", ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ბიუჯეტის შეცვლა აუცილებელი იქნება გამომდინარე იქიდან, რომ წელს ეკონომიკის რეალური ზრდა სავარაუდოდ 2%-ის ფარგლებში იქნება. "თუმცა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ტურიზმის კუთხით დაგეგმილი გვაქვს ძალიან სერიოზული ქმედებები, აქტივობა მთავრობის მხრიდან და ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ მთლიანად დავაბალანსებთ სიტუაციას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ქამრების შემოჭერაც დაკავშირებულია ეკონომიკის ზრდის 2%-მდე ჩამოსვლასთან. შესაბამისად, ბიუჯეტი იქნება ახლიდან დაბალანსებული. მისივე თქმით, ეს დაბალანსება მხოლოდ და მხოლოდ აისახება ადმინისტრაციულ ხარჯებზე, არ დაეტყობა ეკონომიკას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს. "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითოეული დახარჯული ლარი ეკონომიკაში იძლეოდეს ეკონომიკურ ეფექტს. ამ სიტუაციაში პრემიების გაცემა იქნება არაადეკვატური. მინდა, რომ მაინც ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი, რადგან მთავრობის ხარჯების შემცირება ეკონომიკაზე ყოველ შემთხვევაში დადებითად აისახება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიზნესს, ეკონომიკას, ადამიანებს დავუტოვოთ მეტი ჟანგბადი და ნაკლებად დავაწვეთ ტვირთად ამ სიტუაციაში ეკონომიკას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.