ვლადიმერ პუტინი: უკრაინას გაზის საფასურის წინასწარ გადახდამდე 3-4 დღე დარჩა

უკრაინას 3-4 დღე დარჩა გაზის საფასურის წინასწარ გადასახდელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, "გაზპრომი" კონტრაქტის გათვალისწინებით, უკრაინისთვის გაზის მიწოდებას შეაჩერებს.

"ტასის" ინფორმაციით, ამის შესახებ გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. "რა თქმა უნდა, ამან შესაძლოა, გარკვეული საფრთხე შეუქმნას ევროპისკენ ტრანზიტს. ჩვენი მინისტრები, მათ შორის ეკონომიკის მინისტრი, "გაზპრომის" ხელმძღვანელობა ბოლო დღეების განმავლობაში ცდილობენ არა მხოლოდ ინფორმაცია მიაწოდონ ევროპელ კოლეგებს, არამედ ჩართონ კიდეც ამ პრობლემის მოგვარებაში", - განაცხადა პუტინმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ასეთ უკიდურეს ზომებამდე საქმე არ მივა და უკრაინის გაზით მომარაგება არ შეწყდება. მისი თქმით, ეს მხოლოდ რუსეთზე არ არის დამოკიდებული, არამედ უკრაინელი პარტნიორების ფინანსურ დისციპლინაზეც.