2015 წელს ჩინეთის ეკონომიკა ყველაზე სწრაფად მზარდი იქნება

მსოფლიოს ეკონომიკა 2015 წელს საშუალოდ 3,2%-ით გაიზრდება, მომდევნო წელს კი ზრდის მაჩვენებელი 3,7 პროცენტი იქნება.

სააგენტო "ბლუმბერგის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მიმდინარე წელს ყველაზე სწრაფად მზარდი ჩინეთის ეკონომიკა იქნება. აზიისა და აფრიკის განვითარებადი ბაზარი კი კვლავ შეინარჩუნებს წამყვან პოზიციებს ეკონომიკური ზრდის მხრივ.

"ბლუმბერგის" ცნობით, 2015 წელს ჩინეთის ეკონომიკა 7%-ით გაიზრდება. რეიტინგში მეორე და მესამე საფეხური ერგოთ ფილიპინებსა და კენიას. ორივე ქვეყნის მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი "ბლუმბერგის" პროგნოზით, მომავალ წელს 6%-ს გადააჭარბებს. პირველ ხუთეულში ასევე შედიან ინდოეთი და ინდონეზია მშპ-ის 5%-იანი ზრდის მაჩვენებლით. ამასთან ერთად, რეიტინგის პირველი ხუთეული 2015 წელს მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის 16%-ს შეადგენს.

რაც შეეხება აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს, "ბლუმბერგის" მონაცემებით, ამ ქვეყნების ეკონომიკური ზრდა 2015 წელს შესაბამისად 3,1 და 2,6 პროცენტი იქნება.

"დაახლოებით 3%-ს შეადგენს აშშ-ის ზრდის პროგნოზი იმის მიუხედავად, რომ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში დოლარმა თავის უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია", - წერს "ბლუმბერგი". შედარებით ნაკლებ - სავარაუდოდ, 1,2-პროცენტიან ზრდას პროგნოზირებს "ბლუმბერგი" ევროზონაში.

რეიტინგის ათეულში ასევე მოხვდნენ ინდოეთი, ინდონეზია, ნიგერია, მალაიზია, პერუ, ტაილანდი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ყაზახეთი, კოლუმბია.

"ბლუმბერგის" ცნობით, გასული ორი წლის განმავლობაში მსოფლიოს მშპ-ის ზრდის მაჩვენებელმა  3,3% შეადგინა.