გიორგი კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა

ბოლო კვირის განმავლობაში, როდესაც სწრაფი დევალვაცია მოხდა, ეროვნულ ბანკს ლარის გაუფასურების ემოციური შემადგენლის განეიტრალებაში მეტი წვლილის შეტანა შეეძლო.

ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციების მოცულობებისა და დროში განაწილების სწორი მართვით ლარის რყევების დიდი ამპლიტუდის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

"ახლა მნიშვნელოვანია კონცენტრირება მოხდეს სავალუტო სტაბილიზაციის გეგმის აღსრულებაზე, რათა ის ზეგავლენა, რომელიც ამ რყევებმა გამოიწვია ჩვენი თანამოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობაზე, უმოკლეს პერიოდში იქნას მინიმიზირებული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ქვეყანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის "უმოქმედობამ" მიიყვანა. როგორც ივანიშვილი ლარის კრიზისთან დაკავშირებით გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში განმარტავს, "ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აშკარად ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ქვეყანაში შექმნილ არასწორ მოლოდინებთან, სპეკულაციურ გარიგებებთან და აჟიოტაჟთან, რომლის შექმნასაც დიდი მონდომებით ცდილობენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი "ექსპერტები".