რუსეთი საქართველოსთვის რიგით მესამე ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია

"პოზიტიური დინამიკა შეინიშნება ორმხრივი სავაჭრო კავშირების მხრივ"

რუსეთი საქართველოსთვის რიგით მესამე ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

უწყების ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა გუშინ, პრაღაში, 2014 წელი შეაჯამეს. "პოზიტიური დინამიკა შეინიშნება ორმხრივი სავაჭრო კავშირების მხრივ, რუსეთი საქართველოს რიგით მესამე ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. ამის მიზეზი კი ქართული პროდუქციისთვის, მათ შორის ღვინისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის რუსეთის ბაზრის გახსნაა", - წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ ორ ქვეყანას შორის ჰუმანიტარული, კულტურული, სპორტის, სამეცნიერო და რელიგიური კუთხით ურთიერთობის გაღრმავება გრძელდება. ამას გარდა, რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ჯერ უცნობია თუ როდის გაიმართება აბაშიძესა და კარასინს შორის მომდევნო შეხვედრა.