ნოდარ ჯავახიშვილი: სახელმწიფო უწყებებში კადრების შესარჩევი კონკურსები ფორმალობაა

"როგორც წესი, ადამიანები უკვე დანიშნულები არიან სამსახურებში და ამ კონკურსებით, მაპატიეთ, მაგრამ მათი ”გაპრავება” ხდება"

თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში ასეა - დიახ, კადრების შესარჩევად, კონკურსები ტარდება, მაგრამ უმეტესად, ეს კონკურსები ფორმალობაა. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილმა გაზეთ "ვერსიასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ადამიანში შინაგანად დევს ნეპოტიზმის ელემენტები - უარესი თავისიანი კარგ უცხოს ურჩევნია.

"საკადრო პოლიტიკით დაწყებული, ბევრი სხვა ნიუანსით გაგრძელებული, ვერ იტყვი, რომ სრულყოფილი ინსტიტუტის ჩამოყალიბების გზაზე, ადეკვატურად მივდივართ. თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში ასეა - დიახ, კადრების შესარჩევად კონკურსები ტარდება, მაგრამ უმეტესად, ეს კონკურსები ფორმალობაა. როგორც წესი, ადამიანები უკვე დანიშნულები არიან სამსახურებში და ამ კონკურსებით მაპატიეთ, მაგრამ მათი ”გაპრავება” ხდება. საუკუნეების მანძილზე, ადამიანში შინაგანად დევს ნეპოტიზმის ელემენტები - უარესი თავისიანი კარგ უცხოს ურჩევნია. ადამიანების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ სანდოობაა განმსაზღვრელი და არა - პროფესიონალიზმი, მაგრამ მსოფლიოს განვითარებამ დაამტკიცა, რომ ყველაზე სანდო სწორედ პროფესიონალია", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა "ვერსიასთან" საუბრისას.

მისი თქმით,  სხვადასხვა უწყებებში ჩატარებული კონკურსები კანონით სწორად ჩატარდა, თუმცა თუ დროებით მოვალეობის შემსრულებლად ვინმეს ბიძაშვილი ან ახლობელია დასაქმებული, მის ”გასაპრავებლად” ერთგვარი სქემა მოქმედებს.

”თუ პირობითად, ჩემი ბიძაშვილი, ან ახლობელი, რომელიც დროებით, მოვალეობის შემსრულებლად მყავს დანიშნული, მინდა, რომ კონკურსით ”გავაპრავო”, გამოვაცხადებ კონკურსს, სადაც 150 კაცი მოვა, მაგრამ კონკურსის ერთ-ერთ პირობაში რომელიმე, უნიკალური კომპიუტერული პროგრამის ცოდნის აუცილებლობას ჩავდებ. ამას შეგნებულად ვაკეთებ, ოღონდ ვისი ”გაპრავებაც” მინდა, მას ვეტყვი, CV-ში ჩამიწერე, რომ შენ ეს პროგრამა იცი, სხვას ასეთი რამ არ ეწერება. კომისიის ხუთი, პატიოსანი წევრი გადახედავს კონკურსანტების CV-ებს და კანონის სრული დაცვით, სამსახურში ჩემს ბიძაშვილს დატოვებს”, - აღნიშნავს ნოდარ ჯავახიშვილი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ინსტიტუციონალური სრულყოფა და შეუძლებელია, გარკვეული უბანი სრულქმნილებამდე მიიყვანო, თუ ინსტიტუტი არ არის ჩამოყალიბებული. "ადამიანში ზის ეშმაკიცა და ღმერთიც. არასდროს დადგება დრო, როცა ქვეყანაში არ იქნება ქურდობა, დანაშაული, მაგრამ საზოგადოებისა და ხელისუფლების დანიშნულება ის არის, დანაშაული მინიმუმამდე დაიყვანოს. აქედან გამომდინარე, ერთია სადამსჯელო ღონისძიებები, რომლითაც შეაშინებ ადამიანს და მეორეა, როდესაც ინსტიტუტს ისე ჩამოაყალიბებ, გულითაც რომ გინდოდეს, დანაშაულს ვერ ჩაიდენ! სამწუხაროდ, ჩაშლილი ტენდერები მხოლოდ ამ სამინისტროს პრობლემა არ არის", - აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.