ადლიის ნაპირგამაგრებითი სამუშაოები დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" ადლიის ნაპირგამაგრება დაასრულა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი სსიპ "აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს" დაკვეთით განხორციელდა. მათივე ცნობით, ადლიის განახლებული სანაპირო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა და "სახელმწიფო სამშნებლო კომპანიის" დირექტორის მოადგილემ, ირაკლი კუპრავამ დაათვალიერეს.

აჭარის სანაპირო ზოლის ადლიის მონაკვეთი 2013-2014 წლების სეზონური შტორმების დროს მნიშვნელოვნად დაზარალდა. გამოირეცხა პლაჟი, დაზიანდა ნაპირის გასწვრივ მდებარე ინფრასტრუქტურა - სასეირნო ბილიკის სავალი ნაწილი, დაინგრა ბეტონის საყრდენი კედელი. ამასთან, საფრთხე შეექმნა ზღვის კიდიდან 30-50 მეტრით დაშორებულ საავტომობილო გზას, რომელზეც, დღე-ღამეში, საშუალოდ, 6000-მდე მანქანა მოძრაობს.

პროექტის ფარგლებში, ადლიაში 1 კილომეტრამდე სიგრძის სანაპირო ზოლი გამაგრდა. აშენდა ქვანაყარი ბერმა, რომლის შრეებიც ისეა დაგეგმილი, რომ შტორმმა ნაგებობის გამორეცხვა ვეღარ მოახერხოს. განხორციელებული სამუშაოები მოხსნის პრობლემებს, რომელიც ადლიის სანაპირო ზოლის ამ მონაკვეთზე წლების განმავლობაში არსებობდა, სანაპიროს პლაჟს შეუნარჩუნებს და განაპირობებს მიმდებარე გზაზე მოძრავი მანქანების უსაფრთხოებას. პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 5,3 მილიონი ლარი შეადგინა. სამუშაოებზე 100-მდე ადამიანი დასაქმდა.