ირაკლი ლექვინაძე "საქართველოს რკინიგზის" 25%-იანი წილის გასხვისებაში საფრთხეს არ ხედავს

ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე "საქართველოს რკინიგზის" 25%-იანი წილის გასხვისებაში "არანაირ საფრთხეს არ ხედავს".

როგორც ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მცირე წილის გასხვისება ინვესტორს საშუალებას არ მისცემს, რომ თავისი პოლიტიკა გაატაროს. "25%-ის გასხვისებაში მე არანაირ საფრთხეს არ ვხედავ. ეს არ არის ის მაჩვენებელი, რომელმაც შეიძლება, რომ ინვესტორს გენერალური გადაწყვეტილება მიაღებინოს რკინიგზის პოლიტიკასთან მიმართებაში. რკინიგზა არის სტრატეგიული ობიექტი, რომელიც პოლიტიკის განმსაზღვრელია და მისით დემონსტრირება შეუძლია ინვესტორს, თუმცა მცირე წილის გასხვისება მას არ მისცემს საშუალებას, რომ თავისი პოლიტიკა გაატაროს", - განაცხადა ლექვინაძემ და დასძინა, რომ აქედან მოზიდული ფულით შესაძლებელია რკინიგზის ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარება.

რაც შეეხება ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებულ პროცესებს, ლექვინაძე მიიჩნევს, რომ კურსი იქნება ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე დღეს ოფიციალური კურსია დაფიქსირებული. "ვფიქრობ, ლარის გამყარების ტენდენცია გასული კვირიდან დაიწყო და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ეკონომიკური გუნდი შეხვდა ბიზნესს და საბანკო სექტორებს. ვფიქრობ, რომ ეს იყო საკმაოდ პოზიტიური სიგნალი ბაზარზე არსებული მოთამაშეებისთვის და ის აჟიოტაჟური კურსი, რომელიც იყო ბოლო პერიოდში დაფიქსირებული, ვფიქრობ, ამის შემდეგ მოიხსნა. გასულ კვირას კურსი ხასიათდებოდა გამყარების მიმართულებით. ვფიქრობ, რომ კურსს ამ კვირაშიც ექნება გამყარების დინამიკა, ამის თქმის საფუძველს მაძლევს პირველი - აჟიოტაჟური ნაწილის მოხსნა და მე-2 - ის გეგმა, რომელიც მთავრობას ლარის გამყარების მიმართულებით გააჩნია. პრივატიზაციის პროცესი, იგივე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ნაწილი - იქნება ის საკითხები, რომლებიც უნდა აისახოს ბაზარზე. ვფიქრობ, რომ კურსი იქნება ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე დღეს არის ოფიციალური კურსი დაფიქსირებული", - განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, თებერვალში სავალუტო შემოდინებების ნეგატიური დინამიკა გრძელდებოდა. "ბუნებრივია, საგარეო ფაქტორებსაც გააჩნია გარკვეული ფსკერი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ კრიზისის ძირითადი ნაწილი რუსეთში წინ არის და შესაძლოა, მარტი ამ კუთხით რთული იყოს. ვფიქრობ, ის ძირითადი სავალუტო შემოდინების დანაკლისი, რომელიც საგარეო ფაქტორების შედეგად საქართველომ მიიღო, პრინციპში რეალურად ბაზარზე უკვე ასახულია - ეს არის ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირება. ვფიქრობ, რომ ინვესტიციები სტაბილურ დონეზეა და თუ დროულად მოხდება საინვესტიციო პროექტების რეალიზაცია, ქვეყანას აქვს შანსი დააბალანსოს ეს ნეგატიური დინამიკა", - განაცხადა ლექვინაძემ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ რაც დღეს ბაზარზე ხდება, ლარის კურსის დინამიკა არის გამყარების მიმართულებით, ამიტომ ჯერჯერობით ეროვნული ბანკის მხრიდან ინტერვენციის აუცილებლობა არ დგას. "თუ ბაზარზე კიდევ ექნება აჟიოტაჟური კურსი, რაც რამდენჯერმე იყო ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე, ვფიქრობ, რომ ეროვნულ ბანკს გააჩნია საამისო რესურსი და ის შეძლებს ამ მიმართულებით გარკვეული შედეგის დადებას", - განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, პრივატიზაცია არის გზა, რომ ქვეყანაში გაიზარდოს სავალუტო შემოდინება და საინვესტიციო ნაკადები. "ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგანაც სახელმწიფოს ხელში არის ბევრი აქტივი, რომელიც დღეს შეიძლება ეკონომიკურად ისე აქტიურად არ არის ჩართული ურთიერთობებში, ამიტომ კერძო სექტორში მათი მოხვედრა გამოიწვევს ეკონომიკური აქტივობის ბევრად უფრო გაზრდას, ვიდრე დღეს, თუნდაც არსებულ პირობებში აქვთ დატვირთვა ამ აქტივებს", - აღნიშნა ლექვინაძემ.