თბილისის მერმა მეტროს სადგურ "ახმეტელის" მიმდებარედ პარკირების მოსაწყობად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მეტროს სადგურ "ახმეტელის" მიმდებარედ პარკირების მოსაწყობად მიმდინარე სამუშაოები და ახლად გახსნილი სავაჭრო ცენტრი "გლდანი მოლი" დაათვალიერა.

მერიის ინფორმაციით, ორდონიანი, 160 ავტომობილზე გათვლილი პარკირების ადგილის მოწყობას კომპანია "გლდანი მოლი" 2015 წლის სექტემბრამდე უზრუნველყოფს. თბილისის მერის განცხადებით, პარკირების საკითხი მერიის ხელშეწყობით გადაწყდა და სექტემბრისთვის დასრულდება. კომპანია მის მოსაწყობად 1 500 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

მეტროს სადგურის მიმდებარედ უკვე გახსნილია სავაჭრო ცენტრ "გლდანი მოლის" ოთხი სართული. "გლდანი მოლი" სრული დატვირთვით გახსნას, რაც სავაჭრო ცენტრის შვიდივე სართულის და მიწისქვეშა ავტოსადგომის ფუნქციონირების დაწყებას გულისხმობს, 2015 წლის სექტემბერში გეგმავს. კომპანიამ სამუშაოები ახმეტელის მეტროს მიმდებარედ 2012 წელს დაიწყო. ამ დრომდე პროექტში განხორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობამ 10,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

პარკირების მოწყობის ვალდებულების შესრულებისა და შენობის ექსპლუატაციაში მისაღებად, კომპანიას მუნიციპალიტეტის, როგორც მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის, თანხმობა ესაჭიროებოდა. მერიაში შექმნილი ქონების განკარგვის თაობაზე გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის რეკომენდაციით, მიღებულია გადაწყვეტილება, განხორციელებულიყო მიწის ნაკვეთების გაერთიანება და შენობის დარეგისტრირება, ვალდებულების შესრულების შედეგად მიღებული აქტივები კი შეტანილ იქნა კომპანიის კაპიტალში, რის სანაცვლოდაც კომპანიას 2017 წლიდან მართვის საზღაური 50%-ით გაეზრდება.

ამჟამად "გლდანი მოლში" 56 სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს, სადაც დასაქმებულია 371 ადამიანი. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ სავაჭრო ცენტრის სრული დატვირთვით გახსნის შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 700-მდე გაიზრდება.