"ხელისუფლება მოკლევადიან ამოცანებზეა ორიენტირებული და სტრატეგიული ხედვა არ გააჩნია"

”ევრორეგულაციების ამოქმედებამდე გარდამავალი ეტაპი თუ არ გავიარეთ, შესაძლოა, საბოლოოდ ვიქცეთ მომხმარებელ ქვეყნად”

ბიზნესი თავისუფალია, მაგრამ კონკურენტუნარიანი ბაზრის პრინციპების ამოქმედება ვერ თუ არ ხერხდება. ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო ისევ არათაბარი თამაშის წესებით, მონოპოლიებით, კარტელური გარიგებებით იმართება. ღარიბაშვილის რიტორიკა - ,,მეტი ხელშეწყობა ბიზნესს და ნაკლები ბიუროკრატია" - ჯერჯერობით ისევ რიტორიკად რჩება. სად არის პრობლემის მიზეზი, ხელისუფლების არაეფექტურ გადაწყვეტილებებში თუ ბიზნესმენთა მცდელობაში, შეაყოვნონ ევროპულ კანონმდებლობასთან ქართული კანონმდებლობის დაახლოების პროცესი - გვესაუბრება ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილი.

- სახელმწიფო აღარ ერევა ბიზნესის საქმიანობაში, მაგრამ თავისუფალი ბაზრის პრინციპები მაინც დარღვეულია. თქვენი აზრით, რა ფაქტორები უშლის ხელს ჯანსაღ კონკურენციას, თავისუფალი ბაზრის მექანიზმების ამოქმედებას?

- მართალია, დღეს უკვე გამიჯნულია სახელმწიფო და ბიზნეს ინტერესები, აღარ არსებობს ის ნომენკლატურულ-კაპიტალისტური ურთიერთობები, როცა მთელი ეკონომიკის დირექტორი ხელისუფლება იყო, მაგრამ ახალ ურთიერთობებზე გადასვლა ჯერ არ მომხდარა. ვგულისხმობ იმას, რომ ხელისუფლება ისევ სწრაფი ფულის მიღებაზეა ორიენტირებული. ადგილობრივი წარმოების განვითარება საკმარისად არ არის სტიმულირებული. სტაბილური ეკონომიკის შექმნა შეუძლებელია პრიორიტეტების განსაზღვრის, ეფექტური, კონკურენტული პირობების შექმნის გარეშე, როგორც ჰორიზონტალური (ერთ დარგში დასაქმებული კომპანიების), ასევე ვერტიკალური მიმართულებით. კონკურენცია, მოგეხსენებათ, ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ის, რომ წვრილი, საშუალო ბიზნესი მსხვილ ბიზნესთან არათანაბარ პირობებშია ჩაყენებული; რომ ადგილობრივ წარმოებას დაცვითი მექანიზმები არ გააჩნია; რომ ბაზარი ვერ გათავისუფლდა სხვადასხვა ტიპის მონოპოლიებისა და კარტელური შეთანხმებებისგან, მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება არა სისტემური გადაწყვეტილებებით, არამედ კამპანიური მეთოდებით ცდილობს ფონს გასვლას, რაც წინასწარ წაგებულ ომის ნიშნავს.

- რამდენად შეიძლება თავისუფალი ბაზრის ჯანსაღ კრიტერიუმად ჩაითვალოს, როდესაც ერთი პროფილის, კონკურენტი კომპანიები ერთმანეთთან გარკვეულ შეთანხმებებს აღწევენ (მაგალითად, ფასებთან დაკავშირებით) და ამ გზით, გარკვეულწილად, ახერხებენ ბაზრის კონტროლს. რომ აღარაფერი ვთქვათ ხელოვნურ ბარიერებზე, რომელსაც მსხვილი კომპანიები ბაზარზე ახალი მოთამაშეებისთვის ქმნიან, რათა თავის სფეროში მონოპოლია შეინარჩუნონ...

- ნებისმიერი კომპანია მოგებაზეა ორიენტირებული. თუ მას მიეცემა საშუალება, რომ კონკურენტების ბაზარზე შემოსვლა და გააქტიურება შეაფერხოს, გარკვეული შეთანხმებებით მოგება მიიღოს, რასაკვირველია, ის ამის გაკეთებას შეეცდება. მთავარია, მთავრობის პოლიტიკა იქითკენ იყოს მიმართული, რომ კომპანიებმა ეს ვერ მოახერხონ. საქმე გვაქვს ან ხელისუფლების სისუსტესთან, ან მსხვილ კომპანიებთან კომფორტული ურთიერთობების შენარჩუნების მიზანმიმართულ ინტერესთან. ეს ტენდენცია თითქმის ყველა ხელისუფლებისთვისაა დამახასიათებელი, რათა საბიუჯეტო პრობლემების არსებობის შემთხვევაში, დიდმა კომპანიებმა ხელისუფლებისთვის ,,დახმარების გაწევა" შეძლონ. ეს აზიანებს სახელმწიფოს გრძელვადიან ინტერესებს. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლებაც მოკლევადიან ამოცანებზეა ორიენტირებული და სტრატეგიული ხედვა არ გააჩნია.

- ბიზნესმენები აკრიტიკებენ ე.წ. ,,ანტიბიზნესურ კანონპროექტებს", იმ რეგულაციებს, რომლის ამოქმედებაც ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ჩვენს ვალდებულებას წარმოადგენს. ვალდებულებაც რომ არ გვქონდეს, კანონები რომ დასახვეწია, არა მგონია, ეს სადავო იყოს. რატომ აფრთხობს ბიზნესს ევროპული რეგულაციების შეტანა ჩვენს კანონმდებლობაში?

- ევრორეგულაციების შემოტანა ჯერ ნაადრევია, იმიტომ, რომ ადგილობრივი წარმოება, რომელიც დღეისთვის საკმაოდ სუსტია, არაკონკურენტულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, მისი წილი კიდევ უფრო შემცირდება და ვითარებაც, შესაბამისად, უფრო გართულდება. ჩვენთან არც შრომითი, არც სასაქონლო ბაზარი მოწესრიგებული არ არის საიმისოდ, რომ ახალ რელსებზე გადაწყობა უმტკივნეულოდ შევძლოთ. სანამ სტანდარტებამდე მივალთ, გარკვეული გარდამავალი პერიოდი უნდა გავიაროთ, რათა ადგილობრივმა წარმოებამ კონკურენტული პროდუქციის შექმნა შეძლოს. საამისოდ კი ჩვენს ეკონომიკურ სივრცეს გარკვეული დამცავი მექანიზმების შექმნა სჭირდება. მე არ ვამბობ, რომ ეს არის კარგი, ან ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი, მაგრამ გარკვეული პერიოდით ჩვენ ეს ნაბიჯი გადასადგმელი გვაქვს. გარდამავალი ეტაპის გავლა აუცილებელია, რათა საბოლოოდ არ ვიქცეთ მომხმარებელ ქვეყნად. არ მოხდეს იმის გადინება, რაც გვჭირდება და იმის შემოდინება, რაც არ გვჭირდება.

- როგორ უნდა გაუმჯობესდეს ბიზნესგარემო ისე, რომ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ბიზნესზე ზეწოლად არ ჩაითვალოს. რამდენად შესაძლებელია და რა გზებით, ევრორეგულაციებისა და ეკონომიკური ზრდის თანხვედრა?

- ფორმულა ძალიან მარტივია. გარკვეული პერიოდით უნდა დავიცვათ ჩვენი ეკონომიკური საზღვრები, რათა სტიმული მივცეთ ადგილობრივი საექსპორტო პროდუქციის შექმნას. ეს პროცესი მაქსიმალური კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების ფონზე უნდა წარიმართოს. საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომლებთანაც ბაზრის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით გარკვეული ვალდებულებები გვაქვს, შეგვიძლია ავუხსნათ, თუ რა სახელმწიფო ინტერესებია გარდამავალი პერიოდის საჭიროებაში ჩადებული. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინაში იმპორტზე 10 %-იანი გადასახადი დაწესდა. ეს შემთხვევით არ მომხდარა. ამაში გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესი იყო ჩადებული. არცერთ საერთაშორისო ინსტიტუტს აღშფოთება არ გამოუხატავს. ჩვენც ანალოგიური ნაბიჯის გადადგმა გვჭირდება იმისათვის, რომ ადგილობრივი წარმოება ავამუშაოთ. შედეგად მივიღებთ არა მხოლოდ წარმოების განვითარებას, არამედ ვუპასუხებთ ქვეყნის მთავარ გამოწვევას - დასაქმების პრობლემასაც. ხელისუფლება არ უნდა დაკომპლექსდეს საერთაშორისო ინსტიტუტებთან ურთიერთობისას. ნებისმიერი რეკომენდაცია დირექტივად არ უნდა მივიღოთ, რათა ჩვენი ეკონომიკის განვითარების ინტერესი უკანა პლანზე არ აღმოჩნდეს გადატანილი. ეს სერიოზული შეცდომა იქნება.

- ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც მონეტარული პოლიტიკა განხორციელდა, აღნიშნა - ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ და ახლა ჯერი მთავრობაზეაო. ამის შესახებ რას იტყვით?

- ეროვნული ბანკი ინტერვენციებს იმ შემთხვევაში ახორციელებს, როდესაც სავალუტო ბირჟაზე გარკვეული პანიკური, სპეკულაციური მოვლენებია მოსალოდნელი. ამ მხრივ ეროვნულმა ბანკმა თავისი ფუნქცია შეასრულა, ანუ, ჩახურა ის სივრცე, რომელიც ლარის გაუფასურების პანიკურ მოლოდინთან იყო დაკავშირებული. ახლა მთავრობამ უნდა მიხედოს თავის საშემოსავლო და ხარჯვით პოლიტიკას, რათა ნახტომისებური პროცესები არ დაიწყოს და ისეთი რისკები არ წარმოიშვას, რაც გასული წლის ბოლოს გაჩნდა, როდესაც ხარჯვით ნაწილში შეუსრულებლობის გამო ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ბოლო თვეში გაორმაგებული და გასამმაგებული თანხები აეთვისებინა. ეს ძალიან სარისკო ნაბიჯი იყო. თავი რომ დავანებოთ გარე ფაქტორებს და გარე რისკებს, მთავრობას მეტი ყურადღება და საბიუჯეტო დისციპლინა სჭირდება იმისათვის, რომ ეს აღარ განმეორდეს.

ნონა ბურნაძე