სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 13კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყებამ 2015 წლის პირველ ეტაპზე დაგეგმილი პროექტების განხორციელება დაიწყო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 13კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგი განახორციელეს. "აღნიშნული გზა, რომელიც ამორტიზებული იყო, რამდენიმე ათწლეულია არ შეკეთებულა. პროექტი 13 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას და 1 ხიდის მშენებლობას მოიცავს. ამ ეტაპზე გზის გაგანიერებისთვის გაბიონების მოწყობის სამუშაოები ხორცილდება. ასევე დაგეგმილია გზის ვაკისის გამაგრება ხიმინჯებითა და გეოტექსტილით. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არხზე არსებულ სახიდე გადასასვლელს. მოეწყობა საფუძველი რეციკლირების მეთოდით და დაიგება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. ასევე, განხორციელდება მილების, გაბიონის საყრდენი კედლების, ეზოში შესასვლელების, ავტოპავილიონების, ქვეითად მოსიარულეთა ბილიკების, ბეტონის პარაპეტების, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. პროექტი, რომლის ღირებულება 12 მილიონ 495 ათას ლარს შეადგენს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი დასრულება კი წლის ბოლომდე იგეგმება. სამუშაოებზე 250 ადამიანია დასაქმებული. საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შედეგად თურქეთის საზღვრისკენ მიმავალი ავტოტრანსპორტისთვის და 3 სოფლის მოსახლეობისთვის გადაადგილება გაადვილდება", - ნათქვამია განცხადებაში.