დაუსრულებელი შენობების ბუმი თბილისში

დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ბევრი დაუსრულებელი და მიტოვებული შენობაა.

ერთ-ერთი მათგანი რუსთაველის გამზირზე მდებარე "იმელის" შენობაა, რომელიც 1934-1938 წლებში აშენდა. შენობის აბრევიატურა - "იმელ" რუსული ენიდან მოდის და ნიშნავს "ინსტიტუტ მარქსა, ენგელსა, ლენინა", შემდგომში მას სტალინის სახელიც მიემატა და "იმელს" დაერქვა, მოგვიანებით სტალინი და ენგელსი ჩამოშორდა და უბრალოდ მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი დარჩა. შემდეგ წლებში ასეთივე სიხშირით იცვლებოდნენ შენობის მფლობელები და მისი დანიშნულება. იყო პერიოდი, როდესაც ამ შენობაში საქართველოს კონსტიტუციური სასამართლო განთავსდა, ამავე შენობაში მუშაობისას საქართველოს პარლამენტმა დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.

დღეს კი შენობა, რომლის ისტორიაც საკმაოდ მრავალფეროვანია, 2007 წლის შემდეგ უფუნქციოდ არის დარჩენილი. 2007 წელს "იმელი" კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან ამოიღეს, რის მერეც კომპანია "კაპიტალ ინვესტზე" გაიყიდა. პროექტი "იმელის" შენობის მხოლოდ მთავარი ფასადის შენარჩუნებას ითვალისწინებდა. შენობის ნგრევა დაიწყეს, თუმცა მშენებლობა არ დაწყებულა. სახურავგადახდილი, გაძარცვული, ნახევრად დანგრეული შენობა 2008 წელს ახალი მფლობელის, "დაბი ჯგუფის" ხელში გადავიდა. დღეს შენობის ფასადი მწვანე ბადეშია გახვეული და ზედ აბრა, წარწერით "ოცნებები სრულდება", არის გამოკიდული.

bpn.ge ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა, რათა გაგვეგო, რა ფასად გაიყიდა შენობა თავის დროზე და აქვს თუ არა სახელმწიფოს რამე ბერკეტი, რომ შენობის მფლობელ კომპანიას, ვალდებულებების შესრულება მოსთხოვოს. თუმცა, რამდენიმედღიანი ლოდინის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტროსგან პასუხი ჯერაც არ მიგვიღია.

კიდევ ერთი შენობა, რომლის ფუნქციაც ასევე გაურკვეველია, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სოფლის მეურნეობის ყოფილი სამინისტროა. თავის დროზე ობიექტი GEORGIAN PROPERTY-მ იმ მიზნით იყიდა, რომ იქ სასტუმრო INTERCONTINENTAL-ი უნდა აეშენებინა. დღეს შენობის ფასადზე სიძველისგან გახუნებული და დაგლეჯილი მწვანე ბადე ჰკიდია, ტერიტორიაზე კი სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ეკონომიკის სამინისტროსგან ვერც აღნიშნული შენობის შესახებ მოვიპოვეთ ინფორმაცია.

დედაქალაქის ცენტრში კიდევ ერთი მიტოვებული მშენებლობა ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზეა, სადაც მანამდე რესტორანი "არაგვი" იყო და სადაც 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა აშენებულიყო. "პარკ ჰაიატ თბილისი" ამ დრომდე არ აშენებულა, ტერიტორიამ მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა, სასტუმროსთვის გაჭრილ საძირკველში წყალი ჩადგა და იქ ობიექტის აშენება შეუძლებელი გახდა. ამ ეტაპზე ტერიტორიაზე არანაირი სამუშაოები არ მიმდინაროებს, თუმცა ჰყავს დაცვა, რომელმაც ადგილზე შესვლის უფლება არ მოგვცა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, ეს ტერიტორია თავის დროზე მერიამ გაასხვისა. ბუნებრივია დავუკავშირდით დედაქალაქის მერიის პრესსამსახურს, სადაც განგვიცხადეს, რომ აღნიშნული ადგილი მერიის საკუთრებაში არასდროს ყოფილა. ამიტომ კვლავ ბუნდოვანი რჩება, რეალურად ვინ გაასხვისა ეს ტერიტორია და მოხდება თუ არა უახლოეს მომავალში იქ რაიმეს აშენება.

ასევე უცნობია, რა ბედის ელის პუშკინის ქუჩაზე აღმართულ რკინის კონსტრუქციას. თავისუფლების მოედანზე 2012 წელს დაწყებული პუშკინის ქუჩის რეაბილიტაცია ჯერაც არ დასრულებულა. რკინის კონსტრუქცია კი უფუნქციოდ არის დარჩენილი. ერთ-ერთი ვერსიით, აღნიშნულ ტერიტორიაზე პოლიციის შენობის აშენება იგეგმებოდა. თუმცა, ეს ვერსია ოფიციალურად არ დასტურდება.

თეა ბითაძე