დავით საგანელიძე სტამბოლში PABSEC-ის ფარგლებში ვიზიტს განაგრძობს

"შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის" საბიუჯეტო-სარევიზიო კომისიამ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტს დავით საგანელიძეს 2014 წლის ბიუჯეტის აუდიტორული დასკვნა, მისი შესრულების წლიური ანგარიში და მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები წარუდგინა.

პარლამენტის ცნობით, სტამბოლში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საგანელიძე ორგანიზაციის საფინანსო საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციებსაც ითავსებს.

კომისიის წევრებმა გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ცნობად მიიღეს, 2016 წლის ასამბლეის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი შეადგინეს და PABSEC-ის გენერალურ ასამბლეაზე დასამტკიცებლად წარადგინეს.

ხვალ PABSEC-ის სათავო ოფისში 12 წევრი ქვეყნის პარლამენტების წევრების მონაწილეობით "შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის" პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. დეპუტატები დავით საგანელიძის ინიციატივით მომზადებულ ასამბლეის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.