”80-100 კაციანი რიგები თბილისის აეროპორტში”

დეპუტატი ოგბაიძე თბილისის აეროპორტში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს

თბილისის აეროპორტში ბოლო ერთ თვეში გაძვირებულ და გართულებულ პარკინგს, რასაც ბევრი მგზავრი უჩივის, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა შალვა ოგბაიძემ ფეისბუკზე საკმაოდ მწვავე პოსტი მიუძღვნა. ”მორიგი იდიოტობა თბილისის აეროპორტში. პარკირების ღირებულება გახდა 3.50 ლარი. შე ჯიშშეწუხებულო ოპერატორო, პარკირებაც დოლარზე გაქვს ნაყიდი, შე კეთილმოწყობილო? გარდა მაგისა, რომელმა იდიოტმა მოიფიქრა გარეთ აპარატებთან (ოპერატორებთან) გადახდის გაუქმება და ვინ მოიფიქრა აეროპორტის შენობაში ერთ სარკმელთან ამხელა რიგის დაყენება? ან ბარგის შეფუთვაში 13 ლარი რა ამბავია? თფუი, თქვენი დამსმელის. მოგივლით მე თქვენ”... - წერს ოგბაიძე.

გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი და მსგავსი საჩივარი არაერთხელ გვსმენია, ”რეზონანსი” ამ საკითხით დაინტერესდა, თუმცა გუშინ მხოლოდ შალვა ოგბაიძესთან მოვახერხეთ დაკავშირება. როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გუშინ გვითხრეს, ხელმძღვანელობა საქართველოში არ იმყოფება, მათთან შეუთანხმებლად კი ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან. ”რეზონანსი” შეეცდება, ”ტავის”  პოზიცია მკითხველს მოგვიანებით მივაწოდოთ.

”რეზონანსი” ფრაქცია ”გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრს, შალვა ოგბაიძეს აეროპორტში არსებულ პრობლემებსა და ზოგადად თბილისში არსებულ სატრანსპორტო პრობლემებზე ესაუბრა.

შალვა ოგბაიძე: ჩვენთან აეროპორტში პირველ რიგში თვალში მოგხვდება ტაქსების გარკვეული ჯგუფის მონოპოლია, სხვა ტაქსებს იქ არ უშვებენ. მგზავრებს პარკინგთან დაკავშირებითაც ექმნებათ პრობლემა, რადგან ხშირ შემთხვევაში ავტოსადგომის პარკინგის ბილეთის აღების შემდეგ, შედიხარ აეროპორტის ტერიტორიაზე და აღმოაჩენ, რომ ავტოსადგომზე ადგილი არ არის, უკან რომ გამოხვიდე, გიწევს, ავტომანქანა სადღაც "შეტენო", შეხვიდე აეროპორტში, გადაიხადო საფასური, რადგან სხვანაირად უკან ვერ გახვალ და შემდეგ მოძებნო ახალი ადგილი მანქანის გასაჩერებლად.

კიდევ ერთი პრობლემაა ავტოსადგომის ფასი, რომელიც ყველა მისვლაზე ძვირდება და ახლა უკვე დაახლოებით ერთი თვე იქნება, რაც 3,5 ლარია. გულწრფელად მიკვირს, ეს ავტოსადგომიც დოლარზე გვაქვს ნაყიდი, რომ ლარის კურსის ცვლილებასთან ერთად ეგრევე გაძვირდა?! საშინელი მდგომარეობაა იმ თვალსაზრისითაც, რომ ავტოსადგომის საფასურის გადასახდელად აეროპორტის შენობაში ერთადერთი სარკმელია, სადაც ყოველთვის მინიმუმ 80-100-კაციანი რიგი დგას და მხოლოდ ერთი ოპერატორი მუშაობს, რომელიც, შეიძლება ითქვას, ტრეფიკინგის მსხვერპლია, რადგან ყველაფერს უძლებს, რომ ქუჩაში არ აღმოჩნდეს.

და კიდევ, თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს რა გაუხდა, რომ აეროპორტიდან თბილისამდე გონივრული ღირებულების კომფორტული ავტობუსის ერთი რეისი დაინიშნოს?! მოქალაქეებს საღამოს ტაქსის გარდა სხვა ალტერნატივა არა აქვთ. რაც შეეხება მატარებელს, აეროპორტის ტერიტორიიდან როცა გამოდიხარ, მანქანით თუ ხარ, ახლოსაა რკინიგზის ტერიტორია, მაგრამ ფეხით და ბარგით როცა ხარ, რკინიგზამდე მისვლა მოუხერხებელია, ამიტომ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა უნდა იზრუნოს, რომ მოქალაქეებს შეუქმნას კომფორტი და ღამის რეისზე აუცილებლად უნდა იყოს ექსპრესული მიმოსვლის ავტობუსი ქალაქის ცენტრამდე. თუ ვინმე გაბედავს და ხელს შეუშლის ავტობუსის მიმოსვლას, ჩვენი მხრიდან ეს ძალიან დიდი ჩხუბის და სკანდალის საფუძველი იქნება, რადგან ტაქსის ფული ყველას არა აქვს. ამას დაუმატეთ საშინელი სიძვირე. უბრალო ყავა რა ღირს უნდა ნახოთ, და ბარგის შეფუთვა. მეტრიანი ცელოფნის დახარჯვის გამო 13 ლარს იხდი ერთი ჩემოდნის შეფუთვაში. მოკლედ, ყოველნაირი განუკითხაობაა.

-  თუ არის დროის თვალსაზრისითაც მოქალაქე შეზღუდული ავტოსადგომის საფასურის გადახდის შემდეგ?

- ბილეთზე, რომელსაც იღებთ, მითითებულია დრო. ბილეთის საფასურის გადახდიდან 10 წუთში უნდა დატოვოთ ტერიტორია, თორემ თავიდან მოგიწევთ გადახდა. რაღაც მიზეზის გამო 10 წუთში თუ ვერ დატოვეთ, თავიდან იხდით ამ თანხას.

- თუ დააყენეთ ეს საკითხი საკრებულოს წინაშე, თუნდაც იგივე ავტობუსის რეისის დანიშვნის შესახებ და რა შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

- ჩვენ უნდა მივმართოთ აეროპორტის ოპერატორი კომპანიის კონტრაქტორს, ვინც გაუფორმა ხელშეკრულება და მას უნდა მოვთხოვოთ, რომ კეთილი ინებოს და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანური პირობები შეუქმნას ჩვენს თანამოქალაქეებს. ამ საკითხზე აუცილებლად მივმართავ ეკონომიკის სამინისტროს და ვეცდები, კონტრაქტორ ფირმასთან ხელშეკრულების ის ნაწილი გადაიხედოს, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი მგზავრებისათვის ადამიანური პირობების უზრუნველყოფას. რაც შეეხება საკრებულოს, მის წინაშე აუცილებლად დავაყენებ ტრანსპორტის საკითხს, მესმის, რომ ფასწარმოქმნაზე სტანდარტულ პასუხს მივიღებთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, იმ გადახდილ თანხაში მაინც მივიღოთ ის მაქსიმუმი, რასაც ჩვენ ვიმსახურებთ.

- ხელშეკრულება ოპერატორ კომპანიასთან წინა ხელისუფლების დროს გაფორმდა. თუ იყო მოქმედი ხელისუფლების პირობებში მათთან კონტრაქტის გადახედვის მცდელობა?

- 9-10 წელია ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. თავიდანვე ეს შენობა ცოდვიანი აღმოჩნდა, ნაჩქარევად აშენდა და შედეგი არის, რომ ყოველი ქარის წამობერვაზე სახურავი ძვრება ან ყოველ წვიმის მოსვლაზე ქვემოთ ტაშტები აქვს შედგმული. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, როგორც ვიცი, ამჟამინდელმა ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკის საჭირო კონდიციებამდე მიყვანაზე კონტრაქტორთან მძიმე მოლაპარაკება ჰქონდა, რადგან ის ვალდებულებას არ ასრულებდა. ჩემი ინფორმაციით, რაღაც ძვრები ამ მიმართულებითაც იყო.

- დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობასაც რომ შევეხოთ, როდის მოხდება არსებული პრობლემების მოგვარება? თუ მუშაობს საკრებულო, მერია საცობების პრობლემების მოსახსნელად?

- მერიის შესაბამისი სამსახურიდან - ტრანსპორტის საქალაქო სამსახურიდან - არავითარი ინფორმაცია, როგორ აპირებენ ამ მიმართულებით მუშაობას, არ მოგვისმენია. მიმაჩნია, რომ ამ სფეროში მენეჯმენტი ძალიან დაბალი დონისაა, რაც დედაქალაქის ქუჩებზეც აისახება.

მიუხედავად დაპირებისა, წელს არ იქნება ახალი ავტობუსები, ჩვენს თანამოქალაქეებს არ შეექმნებათ მეტი კომფორტი, არ გაუიაფდებათ მგზავრობა, არ გაუუმჯობესდებათ ჩვენს ქუჩებში გადაადგილება. პირიქით, წელს ამ მხრივ მდგომარეობა უფრო და უფრო დამძიმდება, რადგან ობიექტური მიზეზი არსებობს - ბევრი მანქანაა, და სუბიექტური მიზეზიცაა, რასაც მენეჯმენტის ნაკლებობა ჰქვია. აღნიშნულ სფეროში აშკარად იგრძნობა მენეჯმენტის და პროფესიონალიზმის ნაკლებობა.

- კიდევ ერთი პრობლემა მანქანების პარკინგების მწვავე დეფიციტია.

- სამწუხაროდ, დღეს დედაქალაქის ურბანული განვითარების გეგმა არ არსებობს. თბილისი წინა ხელისუფლების დროს დასტა-დასტად გაცემული ნებართვების საფუძველზე სტიქიურად ვითარდება. ეს ნებართვები ისეთ ადგილებზეა გაცემული, რომ თმები ყალყზე შეიძლება დაგიდგეთ - ყიფშიძეზე, ვერაზე, ვაკეში, ჭავჭავაძეზე, თუნდაც გაგარინის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობები. ახლა არსებულ შენობებს ანგრევენ და მათ ადგილზე 5 იმდენს აშენებენ. მაგალითად, თუ 4-სართულიან შენობას დაანგრევენ, იქ 22-სართულიან შენობას ააშენებენ, და არ უზრუნველყოფენ შესაბამისი ინფრასტრუქტურით ავტომანქანებისთვის. ეს, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევს და ქუჩაზე მოძრაობა გაიჭედება. პროცესები, რაც ახლა მიმდინარეობს, საავტომობილო ჯუნგლებად გადაქცევის ქრონიკაა. სამწუხაროდ, თბილისის მერია ჯერჯერობით ვერანაირი მეთოდით წინა ხელისუფლების დროს ამ დასტა-დასტად გაცემულ მშენებლობებს ვერ აჩერებს.

- შეგითავაზებიათ თუ არა პირადად თქვენ მერიისთვის აღნიშნული პრობლემების მოგვარების გეგმა და თუ ითვალისწინებს მერია მსგავს წინადადებებს?

- საცობების საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად, მერს შევთავაზე და დავუსაბუთე, რომ აუცილებელია საცობებთან ბრძოლის მცირე ჯგუფის შექმნა, შევიკრიბეთ ერთხელ და ამით დამთავრდა, ამით საცობს არაფერი ეშველა. ეჭვი მიჩნდება, რომ თბილისის მერის ქვემოთ ის ენთუზიაზმი აღარ ვრცელდება, რასაც მერთან შეხვედრის დროს ვგრძნობ ხოლმე.

თაია არდოტელი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”