მაგისტრალური გაზსადენის გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა.

ამის შესახებ ნავთობისა და გაზის კორპორაციაში განაცხადეს. კორპორაციის ინფორმაციით, ხვალ აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტის დასრულების აღსანიშნავად მაგისტრალური გაზსადენის "ქუთაისი-აბაშის" 700 მმ დიამეტრის 47კმ-იანი მონაკვეთის მე-17 კილომეტრზე მილსადენის გამწმენდ და სადიაგნოსტიკო მოწყობილობას დაათვალიერებენ.

"აშშ-ის მთავრობის ინიციატივით "აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ" (USAID) მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ე.წ. "ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის" ფარგლებში "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას" 62 მილიონი დოლარი 2010 წელს გამოუყო. ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამა მიზნად ისახავდა საქართველოს მთავრობისათვის ხელი შეეწყო გაზისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაში სტრატეგიული ცვლილებების განსახორციელებლად, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, "ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი" 2014 წლის ბოლოს დასრულდა და მის ფარგლებში სულ განხორციელდა 150 კმ-მდე სიგრძის 700 მმ დიამეტრის ახალი მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა.

"კერძოდ, აშენდა გაზსადენის სენაკი-ფოთის, აბაშა-სენაკის, ქუთაისი-აბაშის, ზესტაფონი-ქუთაისისა და გორი-ქარელის მონაკვეთები. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად ამაღლდა მაგისტრალური გაზსადენების სისტემის ტექნოლოგიური საიმედოობა, გაიზარდა საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის დასავლეთის მიმართულების გამტარუნარიანობა, რადგან 500 მმ დიამეტრის მილსადენები 700 მმ დიამეტრის მილსადენებით ჩანაცვლდა და ასევე, პროექტის რეალიზაცია ხელს უწყობს საქართველოს რეგიონების მოსახლეობის, საწარმოთა და შავი ზღვისპირა რეკრეაციული ზონის გაზმომარაგების გაზრდას. აშშ-ის მთავრობამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ საქართველოს 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით დახმარება გამოუყო. საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტი კი USAID-ის მიერ დაფინანსებული 115 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ელექტროენერგიისა და გაზის ინფრასტრუქტურის პროექტის ნაწილია", - ნათქვამია განცხადებაში.