გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობა მიიჩნევს, რომ საჭირო იქნება დამატებითი ინვესტიციები ინფრასტრუქტურის მიმართულებით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ფუნდამენტური პრობლემების მოგვარებისთვის, მთავრობა მიიჩნევს, რომ საჭირო იქნება დამატებითი ინვესტიციები ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

ამით გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ მარკ გრიფითსის მიერ გუშინდელ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც გრიფითსმა განაცხადა, რომ "ამ ეტაპზე დონორებისგან სესხებაზე საუბარი ჯერ ნაადრევი იქნება, რადგან ფუნდამენტური პრობლემებია დასაძლევი".

"ეს არის ჩვენი დისკუსიის ნაწილი. ფუნდამენტური პრობლემების მოგვარებისთვის, მთავრობა მიიჩნევს, რომ საჭირო იქნება დამატებითი ინვესტიციები ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს ფული არ უნდა იქნას გამოყენებული მიმდინარე ხარჯების ნაწილში. ეს არის ეკონომიკის სტიმულირების ერთ-ერთი საშუალება სხვა დანარჩენ საშუალებებთან ერთად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ მაინც დაგვჭირდება ინფრასტრუქტურის პორტფელის გაზრდა. საბოლოო შეთანხმება ამ ნაწილში ჩვენ დღეს არ გვაქვს, მაგრამ სავალუტო ფონდის მისია დაბრუნდება ალბათ ორიოდე თვეში და დამატებით გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს ამასთან დაკავშირებით. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ინფრასტრუქტურის კუთხით ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის, მაგრამ ეს არ იქნება ერთადერთი საშუალება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამავე თემის კომენტირებისას ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ საუბარია იმაზე, თუ ეს სესხები ან იაფი რესურსი იქნება გამოყენებული მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, ეს უდაოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. "რაც შეეხება ფუნდამენტურ პრობლემებს, ეს არის საგარეო შოკები, რაც სავალუტო ფონდის მისიამ განაცხადა. მანამდე ჩვენს არაერთხელ ვთქვით, რომ საგარეო პრობლემები, ჩვენს მთავარ ეკონომიკურ პარტნიორებთან და არა მხოლოდ რუსეთთან, იყო ჩვენი პრობლემების გამომწვევი ფაქტორები", - განაცხადა ხადურმა.