ჩეხეთის განვითარების სააგენტო საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით პროექტებს განახორციელებს

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არაერთი სასოფლო-სამეურნეო პროექტი ხორცილედება. როგორც შეხვედრაზე ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს 2016-2017 წლების პრიორიტეტებში ორი მიმართულება განიხილება: ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ კერესელიძემ ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის განვითარების განახლებულ სტრატეგიაზე და სტრატეგიით განსაზღვრულ სამოქმედო გეგმაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში სამინისტრო ჩეხეთის განვითარების სააგენტოს სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით კონკრეტულ წინადადებებსა და მოსაზრებებს მიაწოდებს. აღინიშნა, რომ აქცენტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი უწყებების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერაზე გაკეთდება.