სახელმწიფო ქონების შეძენის მსურველებისთვის ახალი მომსახურება ინერგება

მთავრობა სახელმწიფო ქონების შეძენის მსურველთათვის ახალ მომსახურებას - Buy It Now ნერგავს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირები ქონების განკარგვის კიდევ ერთი ფორმით - ინტერნეტაუქციონით ისარგებლებენ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო რეალიზაციას უწევს სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეულ ქონებას, რომლის შეძენაც ინტერნეტაუქციონის გზით არის შესაძლებელი. აღნიშნული ახალი მომსახურება Buy It Now, გულისხმობს, რომ მომხმარებელს აუქციონში მონაწილეობის გარეშე, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასის შესაბამისად, შესყიდვის პირდაპირ განხორციელება შეეძლება. ახალი სერვისის დანერგვის მიზანია, მომხმარებელს უფრო მოქნილი გადახდის საშუალება/მომსახურება შესთავაზოს და ამასთან, უფრო გამარტივდეს/დაჩქარდეს რეალიზაციის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზება.